განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ წიგნების გრიფირების პროცესში მინისტრის მოადგილე და ლალი გიგაური მონაწილეობდა, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წიგნების გრიფირების პროცესში მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის და, ლალი გიგაური მონაწილეობდა, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა, ლალი გიგაურს პროცესთან შეხება არ ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, 20-წუთიანი ვიდეომასალა, რომელიც გამომცემლობა "დიოგენესგან" მიიღეს, ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნეს.

"ბოლო დღეებში საჯარო სივრცეში გავრცელდა რამდენიმე გამომცემლობის ურთიერთდაპირისპირებული პრეტენზიები ერთი სახელმძღვანელოს - ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმძღვანელოს ირგვლივ. ამ განცხადებების ხასიათი ჩრდილს აყენებს მთლიანად გრიფირების პროცესს. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებას განუმარტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი - გრიფირების პროცესი ორგანიზებულია იმ ფორმით, რომ შეუძლებელია ერთ ან რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს გავლენა შეფასების პროცესზე. 180 პედაგოგი აფასებს ამ სახელმძღვანელოებს და ჯგუფში არის მინიმუმ 5 ადამიანი. ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 5 ადამიანი არის ერთდროულად წინააღმდეგი ან მომხრე რომელიმე სახელმძღვანელოსი, ჩვენი აზრით, არარელევანტურია. ამასთან, ყველა განხილვა რომელიც სახელმძღვანელოზე ჩატარდა, არის ჩაწერილი და აპელაციის პროცესში შესაძლებელია ამ ჩანაწერების გამოთხოვა და მხარეების სიმართლის დამტკიცება. ასევე, სისტემა დაცულია ძალიან მაღალი სტანდარტით ნებისმიერი გარე შეღწევისაგან, ამიტომ მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია შეიძლება არსებობდეს - თუ კონკრეტულმა პედაგოგმა სხვა პირებს გაუზიარა რამე ფორმით ინფორმაცია, თუმცა ესეც ვერ ახდენს გავლენას შეფასებებზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის პრეტენზია, რომელიც გამომცემლობა "დიოგენემ" წარმოადგინა. ჩვენ მივიღეთ ვიდეოჩანაწერი, რომელიც დამატებითი ექსპერტიზისთვის გადაიგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში",- განაცხადა მურღულიამ.

მისივე განმარტებით, გამომცემლობა "დიოგენესგან" მიღებულ 20-წუთიან ვიდეოში ჩანს, google drive-ში როგორ მოძრაობს კონკრეტული დაინტერესებული პირი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ ამ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში.

"პირადად ჩემთვის, ვიდეოზე დაფიქსირებული ფაქტებიდან ძნელია იმის დადასტურება ან უარყოფა, რომ რომელიმე ფაქტი ამის სამხილია. ექსპერტის წინაშე დაისმება კითხვა: ადასტურებს თუ არა კონკრეტული ვიდეო რომელიმე პირის მონაწილეობას სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში",- განაცხადა მურღულიამ.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს, რომელიც გამომცემლობა "დიოგენეს" წარმომადგენელთა თქმით, კონკურენტი სახელმძღვანელოს შეფასების პროცესში მონაწილეობდა, მურღულია აცხადებს, რომ ლალი გიგაურს პროცესთან შეხება არ ჰქონია.

"გვჭირდება ექსპერტიზა, ეს ქმედება არის გამიზნული, თუ არამართლზომიერად მოხდა პროცესში რომელიმე პედაგოგის შეღწევა პერსონალურ სივრცეში. ჩვენ გვაქვს ორდონიანი აუთენტიფიკაციის სისტემა და პაროლის მოპარვის შემთხვევაშიც კი ადამიანი ვერ ახერხებს სისტემაში შესვლას და აუცილებელია კონკრეტულ მობილურზე მოვიდეს სპეციალური კოდი. ჩვენ ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოზე ექსპერტიზის დასრულებამდე შეჩერებული გვაქვს ადმინისტრაციული წარმოება",- განმარტა მურღულიამ და დასძინა, რომ პირადად აგებს პასუხს, რომ ლალი გიგაური არ ყოფილა რეცენზენტთა სიაში და ვერც იქნებოდა, რადგან აკრძალულია ნათესავების მონაწილეობა რეცენზიის პროცესში", - განაცხადა მურღულიამ.

სტუდია „მონიტორთან“ საუბრისას, გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი სახელმძღვანელოს შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილის დისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციამ, რომელიც წესით კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, განათლების სამინისტროდან გაჟონა. გარდა ამისა, არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ განათლების მინისტრის მოადგილის და იმ სახელმძღვანელოს თანაავტორია, რომელსაც გრიფს სამინისტრო ანიჭებს. ეს კი ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და კანონით აკრძალულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა