ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - “ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა

ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - “ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, დახურვამდე გაიმართა “ეკოლოგიკის“ მესამე, დასკვნითი ეტაპი, სადაც წინა ეტაპებზე წარმატებით მოასპარეზე 5 გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ზესტაფონიდან - მე-2 საჯარო სკოლა და სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა, ჭიათურიდან - ზოდის, ტყემლოვანას და კაცხის საჯარო სკოლები.

დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულმა გუნდებმა კონკრეტული ეკოლოგიური პროექტები წარადგინეს, ხოლო შეთავაზებული პროექტები ჟიურიმ შეაფასა და საუკეთესო იდეის ავტორები დაჯილდოვდნენ. გამოვლენილი ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე კი “ჯორჯიან მანგანეზი“ იზრუნებს.

ჟიურის წევრები იყვნენ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მირიან ხოსიტაშვილი, პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორის“ წარმომადგენელი ივანე კოპაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე მარიამ მათიაშვილი, ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი.

პროექტ „ეკოლოგიკის“ გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილზე გავიდა ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა, ხოლო მეორე ადგილზე ზოდის საჯარო სკოლა. ამასთან, ჟიურის ფავორიტი გახდა ტყემლოვანის საჯარო სკოლა.

დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, კომპანია „აგრომაქს დეკორის“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, “ეკოლოგიკა“ ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

“ეკოლოგიის თემა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს მხრიდან ეკოლოგიის კურსით ვარ მოსული ამ კომპანიაში. ეს სიმბოლური არ არის, პირდაპირ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ასეთი პროექტი მოგვეფიქრებინა. ნამდვილად ძალიან კარგი წამოწყებაა, რომ ყოველდღიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბუნების, ჩვენი ქვეყნის მოვლა, შევქმნათ მრავალი ეკოლოგიური პროექტი, ჩვენი მხრიდან კომპანია არ გაჩერდება. ბევრს აკეთებს და მომავალში დიდ და სერიოზულ ეკოლოგიურ პროექტებს გააგრძელებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ბავშვებმა მართლა გულით იმუშავეს, მართლა იბრძოდნენ და ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს ნამდვილად აქვთ ეკოლოგიური აზროვნების, ბუნების მოვლის სურვილი და, საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის მოვლაზე ფიქრობენ.

ჩიქოვანის განცხადებით, “ეკოლოგიკის“ შედეგებმა აჩვენა, რომ პროექტი აუცილებლად გახდება ტრადიციული და ყოველ წელს ჩატარდება.

ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ყველა სკოლა გამარჯვებულია, რადგან ოლიმპიადის მიმდინარეობის პირველი წელია და პირველი პროექტი გაიმართა, დამარცხების მიუხედავად, მაინც ყველა სკოლა დაფინანსდება, რომ რომელიმე სკოლამ თავი გარიყულად ან დაჩაგრულად არ იგრძნოს.

“მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენი რაიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ მივესალმები მათ ჩატარებას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ მხარდაჭერისთვის. დღეს აქ არაჩვეულებრივი, მოტივირებული ახალგაზრდები ვნახე, თუ როგორ ზრუნავდა თითოეული მათგანი თავის სოფელსა და ქალაქზე. ეს ძალიან მისასალმებელია. ამიტომ ჭიათურის მერმა, ბატონმა პაატა ნადირაძემ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი სკოლის პროექტი, რომელიც არ მოხვდა სამეულში, დააფინანსოს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კაცხის სკოლას და, ზოგადად, მსგავსი ტიპის პროექტებს მომავალშიც“, - განაცხადა, ჭიათურის მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძემ.

“15 აპრილიდან ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო „ეკოლოგიკის“ პროექტში. მასწავლებლები გვეხმარებოდნენ, თუმცა ძირითადი მოვალეობები მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე, მაგრამ მათი ჩართულობა იმდენად მაღალი იყო, ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვება ამა თუ იმ მოსწავლის შედეგია. ეს იმ განწყობის შედეგია, რომელიც მასწავლებლებმა მოგვცეს თავის დროზე. პროექტი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შემწეობით მიმდინარეობდა. იმედი გვაქვს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დაგვიფინანსებს იმ პროექტს, რომელიც გვინდა და განვახორციელებთ სასურველ გეგმას. პირველ ადგილზე გასვლამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. პრეზენტაციაზე, ემოციები ვერ შევიკავეთ. გუნდის თითოეული წევრისთვის, 15-ვე მოსწავლისთვის ეს დღე ყველაზე სასიხარულოა ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა ღონღაძემ.

ცნობისთვის, პროექტი “ეკოლოგიკა“ 15 აპრილს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით დაიწყო, ის გასართობ - ინტელექტუალური და ეკოლოგიური შინაარსის იყო და ორივე რეგიონის 54 სკოლას აერთიანებდა.

პროექტი განხორციელდა ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც, ეტაპობრივად, მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიანი საჩუქრები დააწესა.

პროექტი, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“.

მხარდამჭერები არიან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა