თსუ-ში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 56 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, რომელსაც დაესწრებიან აშშ-ის საელჩოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობების, თანამშრომელი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.

როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის მოხალისეთა მეთვრამეტე ჯგუფი, რომელიც საქართველოში იმსახურებს. მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის 41 მასწავლებელი და 15 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრენინგი. ის მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

„მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ გორისა და ქარელის რაიონებში, რათა უკეთ გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას და ხალხს. ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის 11 რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთ, ქვემო და შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

საქართველოში მშვიდობის კორპუსი საქართველოს მთავრობის თხოვნით მოქმედებს და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც ქართველებსა და ამერიკელებს შორის უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 875-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა ქართველი ხალხის გვერდით.

მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ 1961 წლის 1 მარტის ბრძანებულებით მშვიდობის კორპუსი დააარსა, 230.000-ზე მეტმა ამერიკელმა იმსახურა 141 მასპინძელ ქვეყანაში. დღეს, 7 376 -ზე მეტი მოხალისე მუშაობს ადგილობრივ თემებთან 64 ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებში. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებად მიიღებიან მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები, მინიმუმ 18 წლის და ზევით. მშვიდობის კორპუსში მსახურობა 27 თვეს გრძელდება და ორგანიზაციის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის დანერგვას და უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის ხალხებს შორის“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა