მაია ბაქრაძე - ადვოკატის პროფესია რისკის შემცველია, რადგან ადვოკატები საქმის განხილვისას სახელმწიფო ინსტიტუციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ

რა რისკების შემცველია ადვოკატის პროფესია, აქვს თუ არა ადგილი მათ სისხლისსამართლებრივ დევნას და რა მიზნები აქვს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ინიციატივით შექმნილ კომისიას, - ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაია ბაქრაძე ესაუბრა.

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ინიციატივით უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია შეიქმნა. რა არის კომისიის საქმინობის მიზნები?

- როდესაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სტატისტიკა მოიძია, აღმოჩნდა, რომ წარსულში ადვოკატთა კორპუსის გარკვეული ნაწილი გასამართლებული იქნა სხვადასხვა ბრალდებით. ამასთან, მათ ამ ნასამართლეობის კანონიერებასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ. გარდა ამისა, არსებობს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულ პირთა სია. ცხადია, მათი ბრალდებებიც გარკვეულ შეფასებას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის თებერვალში შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული ადვოკატების და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა.

კომისია სამართლის სხვადასხვა დარგში მოღვაწე შვიდი იურისტისგან შედგება, რომელიც ადვოკატის მომართვიანობის შემთხვევაში, მათი ბრალდების საქმეებზე სამართლებრივ დასკვნებს ამზადებს - ჰქონდა თუ არა მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს ან სხვა კონსტიტუციური უფლების დარღვევას ადგილი. ამ ეტაპზე კომისიის მუშაობისთვის განსაზღვრულია 4 თვე. ვფიქრობთ, რომ ეს პერიოდი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ დაინტერესებულმა ადვოკატებმა და პოლიტრეპრესირებულმა პირებმა მოგვმართონ.

- რატომ გახდა ასეთი კომისიის შექმნა საჭირო, სასამართლო სისტემა ადვოკატებს უსამართლოდ დევნის?

- როდესაც კომისია მუშაობას დაასრულებს, დაიდება გარკვეული დასკვნები, შემდეგ გაუკეთდება ანალიზი და ადვოკატთა ასოციაცია გააკეთებს შემაჯამებელ შეფასებას. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ. ზოგადად, ადვოკატთა პროფესია მაღალი რისკის მატარებელია. ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) და ადვოკატთა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია (International Observatory for Lawyers), მიიჩნიეს, რომ ადვოკატის პროფესია დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

ადვოკატებს თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთან, როგორც ბრალდების მხარესთან, მუდმივ დაპირისპირებაში უწევთ ყოფნა. ეს პროფესია რისკის შემცველია, რადგან ადვოკატები საქმის განხილვის მიმდინარეობისას სახელმწიფოს ამა თუ იმ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების შტოებს აქვთ ცდუნება, თავისი პოზიცია ყოველთვის კანონშესაბამისად წარმოაჩინონ, მათ ხელშია ძალაუფლებაც, ამდენად დევნის საფრთხე არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი შიდა თუ საერთაშორისო შეფასებით, სასამართლო ვერ ასრულებდა ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის ვალდებულებას, ასოციაციამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

- ძირითადად რა ტიპის რისკებსა თუ დარღვევებზე საუბრობენ ადვოკატები?

- მათი მონათხრობით, სხვადასხვა დარღვევებს აქვს ადგილი, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ემსახურებოდა. მაგალითად, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, პატიმრობაში მყოფ მათ კლიენტებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვაზე. ასევე, ისინი საუბრობენ გარკვეული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოძიების მხრიდან მათი დაფარვის მოთხოვნაზე. მომმართველები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები მათ გაჩუმებას და პროფესიიდან ჩამოცილებას ემსახურებოდა, რაზეც მეტყველებს მათ მიმართ წარმოებული, მტკიცებულებებით გაუმყარებელი საქმეები. ვნახოთ, საბოლოოდ, რა შედეგებამდე მივა კომისია.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, კომისია შეისწავლის 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული ადვოკატების, ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეებს. რატომ მხოლოდ ეს პერიოდი? 2012 წლის შემდეგ 6 წელი გავიდა და არ შეიძლება, რომ დარღვევები ისევ გრძელდებოდეს?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს ხდებოდეს ადვოკატთა დევნა, თუმცა აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება იყო, რომ კომისია ყოფილიყო დროებითი და მომხდარიყო 2005-2012 წლების საქმეთა შესწავლა. ამ პერიოდში ადამინის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იყო სახარბიელო. ამასთან, არაერთი შეფასება არსებობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებთან დაკავშირებით და არ შეიძლება არ აღინიშნოს პარლამენტის აქტი, რომლითაც პირები პოლიპატიმრებად აღიარეს. თუ სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს იმას, რომ ადვოკატების დევნა ოდესმე გაგრძელდება და კვლავ მასშტაბურ ხასიათს იღებს, შესაძლებელია კვლავ შეიქმნას რაღაც მექნიზმი. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დადგება ამის საჭიროება.

- რამდენი განცხადება აქვს შესწავლილი ამ დროისთვის კომისიას და რას გულისხმობს თქვენი მხრიდან დადებითი დასკვნის გაცემა?

- ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაკეთებული სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ 2005-2012 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში 100-ზე მეტი ადვოკატი იქნა მსჯავრდებული. უახლესი მონაცემებით, კომისიაში შემოსულია 12 განცხადება, მათ შორის 2 მომმართველი პოლიტრეპრესირებულთა სიიდანაა. კომისიამ ამ დროისათვის განიხილა 7 ადვოკატის განცხადება, აქედან 3 განცხადებაზე უკვე გასცა დასკვნა, 2 განცხადებაზე კომისიის წევრების მიერ გაცემულია თანხმობა დასკვნის პროექტის მოსამზადებლად, ხოლო 2 განმცხადებელს უარი ეთქვა დასკვნის მომზადებაზე.

კომისია სწავლობს განმცხადებლის მიერ მოტანილ საქმის მასალებს და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს - ჰქონდა თუ არა ადგილი მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას და მოხდა თუ არა საქმის სამართლებრივად სწორი კვალიფიკაცია. ხომ არ ჰქონდა ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. ამის თაობაზე განმცხადებლებს მოაქვთ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმის მასალები. თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, ის გასცემს შეფასებას, რომ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამას გულისხმობს დადებითი დასკვნა.

მაგალითად, გვქონდა შემთხვევა, რომ პირს (ადვოკატს) სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუფარდა. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულად იმ ქმედების შერაცხვა ხდება, რომელიც ადვოკატს და კლიენტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

აქვე აღსანიშნავია ის, რომ კომისია არ იჭრება მოსამართლის შინაგან რწმენაში. ის ამოწმებს დაცული იყო თუ არა მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის და მათი მტკიცებულებების თანაბარი მიდგომით შეფასების სტანდარტი, შეჯიბრებითობა, ზოგადად მტკიცების სტანდარტი და ხომ არ ჰქონია ეჭვის და ვარაუდის საფუძველზე ბრალდებას ან მსჯავრდებას ადგილი.

- და რა ძალა აქვს კომისიის დასკვნას? თუ მაგალითად, კომისიამ დაადგინა, რომ კონკრეტული ადვოკატის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რა ხდება შემდგომ?

- მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. კომისიის მიერ გაცემული დასკვნა არის სამართლის სპეციალისტთა მიერ გაცემული ერთობლივი სამართლებრივი დოკუმენტი პირველ რიგში, ადვოკატებისთვის. კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი ღირსებისა და პატივის დაცვის კუთხით. ეს დასკვნა, ფაქტობრივად, შეფასებას აძლევს მათ მიმართ განხორციელებულ უკანონობას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. რაც შეეხება სამართლებრივ შედეგებს, არსებობს მემორანდუმი ადვოკატთა ასოციაციას და მთავარ პროკურატურას შორის კომისიის დასკვნებთან მიმართებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ორი უწყების მიერ, ალბათ, კონკრეტული ღონისძებები დაიგეგმება. იმ საქმეებზე, რომელთა გადახედვის თაოაბზე სამართალწარმოება მიმდინარეობს, პროკურატურის ახალი დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ კომისიის დასკვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს, როგორც სამართლებრივი შეფასება. შესაძლებელია აგრეთვე, რომ მას ჰქონდეს სასამართლოს მეგობრის სტატუსიც. თავად მომმართველების გადასაწყვეტია, როგორ მიიჩნევენ საჭიროდ მის გამოყენებას.

მარიამ დემეტრაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა