გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

„წლევანდელი სესიის მთავარი თემა ეუთო-ს პრინციპების იმპელმენტაციაა ყველა პარლამენტის მიერ. ეს თემა სვამს კითხვას, როგორ შეუძლია პარლამენტარებს უზურნველყონ ეუთო-ს პრინციპების სრულად დაცვა, ისეთი პრინციპებისა, როგორიცაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება. რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, პარლამენტარებმა, რომ პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას. ეს პრინციპები დაცულია ჰელსინკის აქტში და სხვა დოკუმენტებშიც, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მათი იმპლემენტაცია სათანადოდ არ ხდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი რეგულარულად ირღვევა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემენ, საერთაშორისო ნორმები იგნორირებულია და ისმის ძალის გამოყენების მუქარა. ამ პრინციპების დაუცველობა არის მთავარი, რაზეც ჩვენ გვაქვს უთანხმოება ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებთან. ეუთო-ში ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი დაარღვევენ პრინციპებს, ეს უყურადღებოდ და უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას.

ბერლინში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება. „ათი წელი აგვისტოს ომის შემდეგ“, ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხილვა ხვალ კომიტეტზე იგეგმება, შემდეგ კი სესიაზე უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობას და მოუწოდებს რუსეთს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

„რეზოლუციის მიღება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო საზოგადოების და ეუთო-ს მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობენ იმ ვითარებას, რაც არის ოკუპაციის გამო და რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებს. აქ ასევე არის ის სამწუხარო, მაგრამ შედარებით ახალი თემა, რომელიც უკავშირდება ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობას, სიას და დამნაშავეების დასჯას. ეს, რა თქმა უნდა, მძიმეა რუსეთისთვის, მაგრამ უფრო მძიმეა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ოკუპაციის და ომის გამო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა