„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათავო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა Spirits გაიხსნა

„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათავო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა Spirits გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, გამოფენა საზოგადოებისათვის კარგად თუ ნაკლებად ცნობილი 28 ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს. მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის, რეჟისორ გიო მგელაძის, დრამატურგ დავით გაბუნიას, მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის, მუსიკის კრიტიკოსის და ჟურნალისტ კახა თოლორდავას, მხატვარ იური ბერიშვილის, გამომცემელის და კრიტიკოსის მალხაზ ხარბედიას, მწერალ არჩილ ქიქოძის და სხვების ფოტოები.

„ფოტოგრაფის თხოვნით ფოტოგმირებმა საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ თავიანთი დამოკიდებულება, ფიქრები და განწყობა რამდენიმე ფრაზით გადმოსცეს, რომლებიც ლევან ხერხეულიძემ ნამუშევრებს თან დაურთო.

სანამ ფოტოსერია Spirits საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებდა, მანამდე ლევან ხერხეულიძემ 11 წლის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები ამავე სახელწოდების ფოტოწიგნად გააერთიანა. ფოტოგრაფისთვის წიგნისა და გამოფენის მიზანი პორტრეტებზე აღბეჭდილი ადამიანების სულისა და განწყობის გადმოცემა იყო“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.

„ამ სერიას Spirits დავარქვი, ამ სიტყვის ქართული შესატყვისიდან მის არსს ყველაზე უკეთ ალბათ „სულიერი განწყობილება“ გადმოსცემს. ვეთანხმები ფოტოგრაფ ედვარდ შტაიხენს, რომელმაც თქვა, „ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს - თავისივე თავიო.“ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი. არსებობს მესამე კომპონენტიც - ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში“, - განაცხადა ლევან ხერხეულიძემ.

ფოტოგამოფენა Spirits ქუთაისში 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, 18 აგვისტოდან კი ბათუმში გადაინაცვლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა