სოზარ სუბარი ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს საკუთარ სახლში ცხოვრებას სთავაზობს

ჭუბერში, 21 ოჯახი დაზარალდა, მაგრამ ასევე არის მოსახლეობა, რომელსაც „წვრილი ზარალი“ მიადგა და ესეც დასათვლელია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც სუბარი ამბობს, ზარალი სრულად არის აღწერილი, დათვლილი, თუმცა, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან ექსპერტიზის დასრულებამდე თავს იკავებს.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში, პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მშვიდად ვარ. ჭუბერში ყველაზე რთული მონაკვეთები არის გამაგრებული. სრულიად ექსტრემალურ პირობებში მოვახერხეთ გაღმა ნაპირზე ორი ერთეული ტექნიკის გადასროლა და ისინი მუშაობენ ყველაზე რთულ მონაკვეთზე. ის ოჯახები, რომლებსაც ბოლო წუთამდე ემუქრებოდა წალეკვის საფრთხე, გადარჩენილები არიან. მდინარე ნენსკრას წყლის დონე მაღალია, თუმცა ეს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. ეს არ იქნებოდა პრობლემა, მდინარეს კალაპოტი რომ არ ჰქონდეს შეცვლილი. მდინარემ ჩამოიტანა უამრავი რაოდენობის ნაშალი, გაჩნდა ხელოვნური კუნძულები მის შუაგულში, ამის გამო, მდინარე საფრთხეს ქმნის, თუმცა, კონტროლირებადია. 78 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ადგილზე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამსახურებთ, თითოეული რგოლი საათის მექანიზმივით მუშაობს. ასევე, დროებითი ასაწყობი ხიდი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ჩამოიტანა, დღეს საღამოს უკვე გადებული იქნება მეორე ნაპირზე, ხოლო ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან, ავტომანქანები, მძიმე ტექნიკა შეძლებს ამ ხიდზე გადასვლას.

რაც შეეხება ზარალს, სრულად არის აღწერილი, დათვლილი, თუმცა, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ამის შემდეგ დასახელდება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაღალი ციფრია. მოსახლეობისთვის ერთს ვიტყვი, რომ მათ სრულად აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რაც განიცადეს და ინფრასტრუქტურის დაპროექტებაც უკვე მიმდინარეობს სრული ტემპით, გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის ზარალთან დაკავშირებით ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა იქნება.

„ცინდელიანის საკარმიდამო ნაკვეთზე სახლის მშენებლობა არის შეუძლებელი. შესაბამისად, აქ უნდა მოვნახოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება, ან სახლის ყიდვა სხვაგან, ან სახლის მშენებლობა სხვა ადგილზე, მაგრამ არა იმავე ადგილზე. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას, თითქოს ცინდელიანს არ შევთავაზეთ საცხოვრებელი - ის მამაპაპისეულ სახლშია გადასული, სადაც მისი ძმა ცხოვრობს. პრესასთან განუცხადებია, რომ იმ სახლში ვიწროდ არის, ამიტომ მე მას შევთავაზე ჩემს სახლში ცხოვრება, სანამ მას ახალი საცხოვრებელი არ ექნება. ველოდები მისგან პასუხს, თუ დათანხმდება.

ასევე არის ჩხვიმიანების ოჯახი, რომლებსაც სახლი დაენგრათ, წყალმა სრულად წაიღო და იმავე ადგილზე ახალი სახლის მშენებლობა შეუძლებელი იქნება.

გარდა ამისა, დაზარალებულია სუბარების ოჯახი, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთის ნაწილი მდინარემ წაიღო, თუმცა, ნაწილზე მშენებლობა შესაძლებელია, ან მათ კომპენსაცია მიეცემათ. ასევე არის ჩხეტიანების ოჯახი, რომლებიც მდინარეში, კუნძულზე აღმოჩნდნენ. ექსპერტებმა დღეს პირველად დაათვალიერეს მათი სახლი. მათი პირველადი შეფასებით, იქ ცხოვრების გაგრძელება სახიფათოა. 21 ოჯახი არის სულ დაზარალებული, მაგრამ ასევე არის მოსახლეობაც, რომელსაც წვრილი ზარალი მიადგათ და ესეც დაითვლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა