დავით ზალკალიანი - ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე

საქართველო - ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსის ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისი მხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის გზები.

„კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე, რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორციელებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP), როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებული თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში ნატო-ს წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

„ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურების დონეზე, მინისტრის განცხადებით, ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო