თინა ხიდაშელი - იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს სამიტი ტრამპის და დანარჩენი პარტნიორების ურთიერთობების გარკვევას ეძღვნებოდა, საქართველოს საკითხზე პოლიტიკური მზაობა არ არის

იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს სამიტი დონალდ ტრამპის და დანარჩენი პარტნიორების ურთიერთობების გარკვევას ეძღვნებოდა, საქართველოს საკითხზე პოლიტიკური მზაობა არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

ხიდაშელი არ მიიჩნევს, რომ წლევანდელ სამიტთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოს ალიანსში MAP-ის გარეშე გაწევრიანების პერსპექტივა გაეხსნებოდა. მისი თქმით, ეს მოლოდინი იყო ორი წლის წინ, თუმცა სასურველი შედეგი არ დადგა.

„მაშინ გაცილებით უკეთესი ჩანაწერი მივიღეთ, თუმცა არ იყო ისეთი, რასაც ჩვენ ყველანი ველოდით. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური პოზიციები დიდწილად არ შეცვლილა. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ძალიან ოპტიმისტური იყო, მაგრამ ოპტიმიზმის იქით ვეღარ წავიდა. არ არის ეს თემა, რომელზეც მე საქართველოს ხელისუფლებას გავაკრიტიკებ, აქ თბილისი ყველაზე ნაკლებად არის გადაწყვეტილების მიმღები. ჩვენ 10 წელია ვცდილობთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, მაგრამ პოლიტიკური მზაობა დღეს არ არის იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს სამიტი დონალდ ტრამპის და დანარჩენი პარნტიორების ურთიერთობების გარკვევას ეძღვნებოდა. მაკედონიის გაწევრიანების საკითხიც კი არ იდგა დღის წესრიგში მაშინ, როდესაც ეს პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ეს თავისთავად გვიჩვენებს, რომ სამიტის დღის წერიგში სხვა უფრო მწვავე საკითხები დგას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს იმედგაცრუება ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„პირველი, ეს არის მაქსიმალური გახსნილობა. ნიჰილიზმი მაშინ ჩნდება, როდესაც უსაფუძვლო მოლოდინი გაქვს, ეს მოლოდინი არ გამართლდება და მერე იმედგაცრუება ემართებათ ადამიანებს. ამიტომ მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მომენტში რისი მოლოდინი ჰქონდეს და რა ვითარებაში შეიძლება დადგეს ის ისტორიული მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული. მეორე პასუხი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხელისუფლების ბრალით არ ხდება გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება. ეს აუცილებელი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საკითხისადმი ხელისუფლების და საზოგადოების კონსოლიდირებული დამოკიდებულება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებამ ძალიან ღია კომუნიკაციით აუხსნას მოსახლეობას საერთაშორისო მისიებში ჩვენი მონაწილეობის შესახებ, ნატო-ში გაწევრიანება და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაგრამ ერთმანეთისგან არ გამომდინარეობს. ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო მისიებში არა იმიტომ, რომ ამით უფრო იაფად ვიყიდოთ ნატო-ში გაწევრიანების ბილეთი, არამედ იმიტომ, რომ ტერორიზმი ზუსტად ისევე თანაბრად პრობლემური და ხელშესახებია ჩვენთვის, როგორც ბრიტანელებისთვის, ამერიკელებისთვის და ა.შ.,“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი MAP იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს