ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს

ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს. სწორედ ისინი დაასახელებენ დღეს ერთიან შეთანხმებულ საპრეზიდენტო კანდიდატს.

„ვისაც სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, გავერთიანდეთ და დავიწყოთ სრულიად ახალი გუნდის ფორმირება. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად“, - განაცხადა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ, მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" შემავალი სუბიექტების მიერ დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ფართო ოპოზიციური გაერთიანება შედგა და ეს არის ძალა, რომელიც მოემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, რათა საქართველოს მისცეს სრულიად ახალი პერსპექტივა.

„დადგა დრო, რომ ახალი ადამიანები ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში. დადგა დრო, რომ დავიწყოთ შეუქცევადი წინსვლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაფუძნეთ „ძალა ერთობაშია“ და ვთავაზობთ ყველას, ჩავერთოთ ამ საერთო მოძრაობაში და საქართველოს მივცეთ სრულიად ახალი პერსპექტივა. გზა არის ორი: ან გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ლიდერ სახელმწიფოებს შორის, ან ვიყოთ დაქსაქსულები და მუდმივად ერთმანეთს ვჭამდეთ, რაც სამწუხაროდ "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის. ამიტომ, ვისაც სჯერა, რომ ძალა ერთობაშია, გავერთიანდეთ და დავიწყოთ სრულიად ახალი გუნდის ფორმირება. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად", - აღნიშნა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის მიერ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვაშაძემ განმარტა, რომ ეს ვერსია არ განიხილება, „რადგან მარგველაშვილმა განვლილი 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია“.

"ჩვენ აღარ განვიხილავთ გიორგი მარგველაშვილისთვის მხარდაჭერის ვერსიას. ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი განვლილი 5 წლიდან გამომდინარე არ არის ის კანდიდატურა, რომელიც სწორი არჩევანი იქნება,"- აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა აღნიშნული ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი კანდიდატს სქესის მიხედვით არ არჩევენ. "ჩვენს სქესის მიხედვით არ ვარჩევთ კანდიდატს. ვარჩევთ იმის მოხედვით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და რამდენად შეუძლია ამ როლის და ფუნქციის შესრულება საქართველოს განვითარების პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე; ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე; საქართველო ლიდერთა შორის - მამუკა გამყრელიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი