იენს სტოლტენბერგი - თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში

განვაგრძობთ მუშაობას ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს და პირადად თქვენდამი იმ მრავალი წვლილისთვის, რომელიც ნატოს მისიებში და ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებსა და ზოგადად ჩვენს პარტნიორობაში შეგაქვთ. უაღრესად მადლობელი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთოდ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ ნატოსა და საქართველოს სასიკეთოდ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში თქვენი წვლილი. საქართველო უკვე მრავალი წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილე მტკიცე მხარდაჭერის მისიებში და თქვენი მამაცი მეომრების წყალობით მოვახერხეთ, თავიდან აგვეცილებინა ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის წალკოტად გადაქცევა. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ნატოს ჯარებთან ერთად წვრთნით თქვენს შეიარაღებულ ძალებს. მე შევხვედრივარ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთშიც და ნატოს წვრთნებისას. თავად ის ფაქტი, რომ ხართ ნატოს რეაგირების ძალების მონაწილე, იმას ცხადყოფს, რომ თქვენი ჯარისკაცები და სამხედრო ძალა ნატოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია და მონაწილეობის მიღება შეუძლია ნატოს წვრთნებში, მისიებში და ოპერაციებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ახდენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განვაგრძობთ მუშაობას ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თქვენ შთამბეჭდავი წინსვლა გაქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე ახდენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების გზით, რომლის ცენტრიც თბილისთან ახლოს მდებარეობს. ველით, რომ მომავალ წელს ნატო-საქართველოს წვრთნებში მოკავშირეთა უფრო ფართო ჩართულობის მომსწრენი გავხდებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი