საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ისრაელის ქნესეთის აპარატს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანს, მელერ ჰოროვითს უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარლამენტის შენობის ადაპტირების საკითხებსა და „მწვანე პარლამენტის“ პროექტს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს საინტერესო გამოცდილება აქვს.

„ეს ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს ისრაელის ქნესეთის აპარატის ხელმძღვანელს გაეცნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობას. იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების სახით. სტუმარი განსაკუთრებით ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში (OGP) საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით და მიღწეული შედეგებით დაინტერესდა. შეხვედრაზე ინფორმაციის ორმხრივად გაზიარებისას, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარლამენტის შენობის ხელმისაწვდომობის საკითხზე, რაც ისრაელში მაღალ დონეზეა განვითარებული და რაც აქტუალურია საქართველოს პარლამენტისთვის, რადგან შშმ პირთათვის პარლამენტის თბილისის სასახლის ინფრასტრუქტურის ადაპტირების სამუშაოები დაწყებულია და პროცესის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, საუბარი „მწვანე პარლამენტის“ პროექტის კონცეფციასაც შეეხო, რომელიც ისრაელის პარლამენტში უკვე წლებია ფუნქციონირებს და რომლის მიზანსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, ნაკლები ელექროენერგიის დანახარჯი, ქაღალდის გამოყენების შემცირება და სხვა საკითხები წარმოადგენს.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ისრაელში, წლის ბოლომდე ჩემი საპასუხო ვიზიტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ისრაელის ქნესეთის აპარატს შორის. ეს ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ყველა დონეზე - თანამშრომლების გაცვლით პროგრამებში ჩართულობას და ერთმანეთის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, მელერ ჰოროვითს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ქნესეთის აპარატს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლების ჩართულობის ინიციატივით მიმართა, რასაც ქნესეთის გენერალური მდივანი მიესალმა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გივი მიქანაძე და მელერ ჰოროვითსი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობასთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის და ისრაელის ქნესეთის გენერალური მდივნის შეხვედრას, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეები შოთა გოშაძე და დავით გელაშვილი, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა