საგურამოში მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში, ბრალდებულებმა, დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და შემდგომ, მათი გამოყენებით თაღლითურად მოახდინეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მისაკუთრება.

„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები, მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში, 11 600 მ2 მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 000 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიწის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი