NDI - არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს, გადაწყვეტილება არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი საკითხი ბუნდოვანია, არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.

როგორც NDI-ის დელეგაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, “ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის დაკვირვებით, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

“არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის; მმართველ პარტიას (“ქართული ოცნება“) ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს; გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია; პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას“, - ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.

მათივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები ადამიანების ყოველდღიური ზრუნვის საკითხების - განსაკუთრებით, ეკონომიკის ჭრილში იქნას განხილული; თუმცა ისეთი დაპირებების გაცემის გარეშე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება”, - აცხადებს NDI-ის დელეგაცია.

შეგახსენებთ, რომ 23-27 ივლისს, საქართველოს, დელეგაციის შემდეგი წევრები სტუმრობდნენ: პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; კრისტინ ტოდ-ვიტმანი, ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; და მელისა მუსიო, საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში NDI-ის პროგრამების დირექტორი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სექტემბერში ქვეყანას ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები ეწვევიან.

ამას გარდა, არჩევნების დღისთვის საქართველოს NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ეყოლება. NDI მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო (PMMG).

სადამკვირვებლო დელეგაციას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს