სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განუცხადა, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაპირდნენ.

"ჩვენ დღეს დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ ხვალ ჩვენ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, ხვალ დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია", - განაცხადა ვასილ ლორიამ.

მანამდე ვასილ ლორიამ „ინტერპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ხვალ, მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ. რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - აცხადებდა ვასილ ლორია. მისივე ინფორმაციით, ხვალ თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გეგმავდა გაფიცვას.

მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „თბილისის მიკროავტობუსი“ მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს