ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევდა, არამედ ის უზრდელობდა ხოლმე და საუბრობდა დავით ჭიჭინაძის ტერმინებით

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხშირად ახასიათებს არაეთიკური გამონათქვამები, ის თავისი პირით თუ თანაშემწეების მეშვეობით არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევს ხშირად, არამედ უზრდელობაც არა ერთხელ მოგვისმენია პირადად მისი ან მისი თანაშემწეების მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას - „წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს“.

როგორც კობახიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები იყო საკმაოდ არათანმიმდევრული და ალოგიკური.

„ჩვენ ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად თავი შევიკავოთ პრეზიდენტის კომენტირებისგან. ბოლო პერიოდში გვქონდა არაერთი მცდელობა, თუმცა რაღაცნაირად ცდილობს ხოლმე ის, რომ გამოგვიწვიოს თავისი აბსოლუტურად ალოგიკური განცხადებებით. ეს განცხადებები რაც დღეს მოვისმინეთ, იყო საკმაოდ არათანმიმდევრული და ალოგიკური. ერთი მხრივ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ალოგიკურია უპარტიო კანდიდატის მხარდაჭერა, მეორე მხრივ ის აცხადებს, რომ ის იყო უპარტიო კანდიდატი და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ამის გამო არავის უწოდებია პრეზიდენტისთვის არც მოღალატე ან რამე სხვა. ის არის არათანმიმდევრული და აცდენილია ლოგიკას. მან არაერთგზის დაარღვია ელემენტარული ეთიკის ნორმები. მათ შორის ვგულისხმობ იმას, რომ მას ჰყავდა შტაბის უფროსი „ქართული ოცნებიდან“, თუმცა გამარჯვების შემდეგ მას გამარჯობასაც არ ეუბნებოდა. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, თუმცა უნდა დაიცვას ელემენტარული ეთიკის ნორმები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ეთიკასთან მაინცდამაინც ვერ მეგობრობს. „რანაირად არის ეს კომიკური მოვლენა, როდესაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობარი გრიბაუსკაიტეც პრეზიდენტი თავის დროზე გახდა ასე - ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და მას მხარი დაუჭირა ლიტვის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც იმ დროს ლიტვის მმართველი პარტია იყო. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა, როდესაც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს უჭერს მმართველი პარტია და ამ დროს უზრუნველყოფილია ერთი მხრივ ის, რომ მმართველი პარტიის რესურსი არის სწორი მიმართულებით გამოყენებული და მეორე მხრივ ის, რომ პრეზიდენტად აირჩევა ის პირი, რომელსაც აქვს რესურსი გახდეს ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩვენც ვხელმძღვანელობთ ამ კრიტერიუმებით და კომიკური ამაში არაფერია, თუმცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხშირად ახასიათებს არაეთიკური გამონათქვამები, ის თავისი პირით თუ თანაშემწეების მეშვეობით არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევს ხშირად, არამედ უზრდელობაც არა ერთხელ მოგვისმენია პირადად მისი ან მისი თანაშემწეების მხრიდან. არასდროს ჩვენი მხრიდან არ კეთდებოდა უზრდელური ან შეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენი მხრიდან იყო მძაფრი კრიტიკა, მაგრამ არასდროს გადაგვიკვეთია ის ზღვრები, რომელიც დადგენილია ელემენტარული ეთიკის ნორმებით. ამის საპირისპიროდ, გიორგი მარგველაშვილი არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევდა, არამედ ის უზრდელობდა ხოლმე. გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა დავით ჭიჭინაძის ტერმინებით. როდესაც შენ უმრავლესობის წევრებს უწოდებ კომკავშირლებს და ა.შ. არ შეიძლება დახვიდე ამ დონეზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს ატარებ“, - აღნიშნა კობახიძემ.