სოფო ვერძეული - სამწუხაროა, რომ არ აღმოჩნდა პოლიტიკური რესურსი და ნება, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეები დანიშნულიყვნენ

სამწუხაროა, რომ არ აღმოჩნდა პოლიტიკური რესურსი და პოლიტიკური ნება იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეები დანიშნულიყვნენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ”ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განუცხადა.

ამ კონტექსტში ვერძეული ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ უზენაეს სასამართლოში არსებულ მოცემულობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციაც ემატება, ხოლო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კიდევ ერთ მოსამართლეს პაატა სილაგაძეს ოქტომბერში უფლებამოსილება ეწურება.

ვერძეულის თქმით, არის პრაქტიკა, როცა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისთვის მოსამართლის “მიმაგრება“ სხვა პალატიდან ხდება, თუმცა “ეს პრობლემური პრაქტიკაა, რადგან როცა მოსამართლეს სპეციალიზაცია სხვა მიმართულებით აქვს, მისი სისხლის სამართლის საქმეებში ჩართვა ქმნის პრობლემას, მათ შორის მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

“ამ დრომდე უზენაეს სასამართლოს არა ჰყავს რამდენიმე მოსამართლე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კოორდინაცია, რათა ეს ვაკუუმი შევსებულიყო. ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანი იყო ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუმცა საქმეთა განხილვის ნაკადთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ის დატვირთვა, რაც გაზრდილია ზოგადად სასამართლოში და მათ შორის უზენაეს სასამართლოში, ესეც ქმნის პრობლემას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა შევსებული არ არის. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა პოლიტიკური რესურსი თუ პოლიტიკური ნება იმისა, რომ უზენაესს სასამართლოში ახალი მოსამართლეები დანიშნულიყვნენ. რამდენიმე თვეში ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი არ იყო. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რატომაც ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით სასამართლო სისტემაში დამატებით პრობლემებს შექმნის. ჩვენ ვაკვირდებით იუსტიციის უმaღლესი საბჭოს მიერ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს და ვხედავთ ფუნდამენტურ პრობლემებს ამ მიმართულებით. ამიტომ, კომპეტენციის გაფართოება და საბჭოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის ფორმირების პროცესში შემოყვანა, ჩვენი კონტექსტისა და მძიმე რეალობის გათვალისწინებით, სასამართლოს სისტემისთვის დამატებითი პრობლემების შემქმნელია. უზენაეს სასამართლოში სადღეისოდ არსებულ მოცემულობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციაც ემატება. თუკი არსებობს რეალური პოლიტიკური ნება იმისა, რომ მოხდეს ეფექტური ნაბიჯების გადადგმა და სასამართლოს ისეთი კადრებით დაკომპლექტება, რომლებიც გამორჩeულად პრინციპულები იქნებიან და რაც მთავარია, არ იქნებიან დაკავშირებელი მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფთან, რომლებიც პროცესებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არა მხოლოდ საბჭოში წარმართავენ, მაშინ რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ პროცესები უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. თუმცა ბოლო დღეებში იმდაგვარი განწყობები ჩანს, რომ პარლამენტი შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებას ელოდება, იმისთვის, რომ პროცესი დაძრას, რაც რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფო ვერძეულმა.

უზენაეს სასამართლოში 2016 წლიდან დღემდე ვაკანტურია მოსამართლის სამი თანამდებობა, სადაც პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები არ აურჩევიათ, თუმცა არც მათ ჩაგდებაზე მიუღიათ გადაწყვეტილება.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ორი წლის წინ, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას და ანა დოლიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა მათ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრით ჩააგდო. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა, ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, კანონმდებლებს უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

ამის შემდეგ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე საერთოდ აღარ უმსჯელია - მოსმენა წინა მოწვევის პარლამენტში მხოლოდ კომიტეტის ფარგლებში გაიმართა და პროცესი აღარ გაგრძელებულა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის წარმომადგებლები საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პოლიტიკურ კულუარებში კი რამდენჯერმე ითქვა, რომ “ქართული ოცნება“ ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედებას ელოდება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს