არაერთი ვიდეოგზავნილი ვნახე, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიდეოგზავნილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ დახურულ გვერდზე, „Islam Stacy”-ზე გავრცელდა. ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვიდეო, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ქართული დაჯგუფების მიერ ქართველი მხარდამჭერებისთვისაა გაკეთებული, ISIS-ის ოფიციალური ვიდეოები კი, განსხვავებული ხარისხისაა.
„არაერთი ვიდეო გზავნილი ვნახე, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ვიდეოები სხვა დონეზე არის გაკეთებული და იქ არ იქნებოდა მხოლოდ ქართული ტიტრები. ეს მიუთითებს, რომ ეს ვიდერომუქარა არის ქართულ მომხმარებელზე გათვლილი, ანუ ეს ვიდეო შექმნილია ქართულენოვანი მხარდამჭერებისთვის. ის, რომ ქართული ტიტრები გასდევს, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ 33 ქვეყანაშია, ანუ ყველა ქვეყანაში, სადაც მას მხარდამჭერი ჰყავს, თემატურ ვიდეოებს, ინფორმაციას ან მუქარის ტექსტებს ადგილობრივ ენაზე აკეთებს, რათა მარტივად იყოს აღსაქმელი“, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.
სოციალურ ქსელში ჯგუფი „Islam Stacy” აღარ იძებნება. აღნიშნულ ვიდეოსთან მიმართებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.
„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.