ფიქრია ჩიხრაძე - ის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრები დამტკიცებული არ არიან, უსერიოზულეს პრობლემას ქმნის

ის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრები დამტკიცებული არ არიან, უსერიოზულეს პრობლემას ქმნის - სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე თავად მოსამართლეთა კორპუსი საუბრობს. „სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სადაც თავად ნინო გვენეტაძეც მუშაობა, დღეს უკვე მძიმე მდგომარეობაა, რადგან პალატის სამი წევრიდან გვენეტაძე წავიდა, ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა გასდის. პრაქტიკულად შეიძლება სასამართლო ქმედუუნარო აღმოჩნდეს. არ შეიძლება ასეთ დროს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც სასამართლოს გლობალურ, სისტემურ გაჯანსაღებას ემსახურება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პრეზიდენტმა ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა დღეიდან დაიწყო, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას დაელოდება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და ზოგადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს.

ამ ეჭვის საფუძველს ის ფაქტობრივი გარემოებაც ქმნის, რომ ორ წელიწადზე მეტია, რაც პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილია უზენაეს სასამართლოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატები, თუმცა აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დღემდე არ დამდგარა.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის თავმჯდომარეს, პარლამენტს ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს