ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2018

ივანიშვილის რისკიანი არჩევანი - "ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან ოპოზიციის კანდიდატი პრეზიდენტად იხილოს"

ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ახალი სკანდალი იწყება - რა იცის დეკანოზმა მეუფე იაკობზე

***

ივანიშვილის რისკიანი არჩევანი - "ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან ოპოზიციის კანდიდატი პრეზიდენტად იხილოს"

"მმართველი გუნდი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს და არც საკუთარი რჩეულის დასახელებას ჩქარობს, ექსპერტთა გარკვეული ნაწილის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოოდ იტყვის უარს, ერთადერთი გამოსავალი რჩება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი. შექმნილ ვითარებაში მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არჩევნებში, ამის თაობაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ივანიშვილის რისკიანი არჩევანი - "ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან ოპოზიციის კანდიდატი პრეზიდენტად იხილოს"

"პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, "ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს. "მე რომ ცოტა მაღალი წარმოდგენის ვიყო მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პროფესიულ შესაძლებლობებზე, მაშინ თავისუფლად ვიტყოდი, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს, გარდა საკუთარი კანდიდატის დაყენებისა. "იმასაც ვიტყოდი, რომ ზურაბიშვილი მშვენიერი, თვითმოვლენილი ფიგურა აღმოჩნდა ამ სიტუაციის შესაქმნელად. საპრეზიდენტო ეშხში შესულმა "ალაპარაკებულმა" ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა. თვით რუსული პრესაც კი აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში პირველად, ასე მასობრივად აღიარებს რუსეთის, როგორც აგრესორის როლს და რუსულ საიტებზე ასეთი სათაურის სტატიებიც კი ქვეყნდება - "დანაშაული სასჯელის გარეშე". ამ დროს პრეზიდენტობის იდეით გატაცებული კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. "თავად "ოცნებაშიც" მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია. ზურაბიშვილს წვრილ-წვრილად გაუხსენებენ მის წარსულს, ხანმოკლე მინისტრობის დროს საკადრო პოლიტიკით დაწყებულსა და ჩოხებში გამოწყობილი ელჩებით დამთავრებულს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, როგორც კი დადგება დღე, როდესც "ოცნება" იძულებული გახდება, დაასახელოს თავისი რჩეული, პირველი რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილი მექანიკურად დადგება არჩევანის წინაშე, ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან სერიოზულ რისკზე წავიდეს და პრეზიდენტად იხილოს ოპოზიციის წარმომადგენელი. რასაკვირველია, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, თვით საქართველოს ისტორიაშიც კი ჯერ არნახული მასშტაბით გაყალბებული არჩევნები, მაგრამ ეს კიდევ უარეს რისკებთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, რჩება ერთადერთი ლოგიკური დასკვნა - შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს უალტერნატივო გადაწყვეტილებას და თვითონ იყრის კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. "ალაბთ, რაღაც კონსულტაციები ჰქონდა "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილთან, რაზედაც მიანიშნებდა მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ქალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ალბათ იყო აზრიც, მისთვის მხარი დაეჭირათ და ზურაბიშვილმაც, ვინც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას, იცის, თავისი რეიტინგი რომ მაღალი არ არის. "დღეის მდგომარეობით, "ოცნებას" ხელ-ფეხი აქვს გახსნილი სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, დაუჭერს მხარს ან არ დაუჭერს, თუ არ დაუჭერს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დააბრალებს. "რაც შეეხება საკუთარი კანდიდატის დაყენების საკითხს, ეს "ოცნებისთვის" იქნება უკან დახევა, მით უმეტეს, ივანიშვილის კანდიდატურისა, რადგან ყველა იტყვის, ისეთი სუსტია, კანდიდატურა ვერ იპოვა და ისეთ უუფლებო პოსტზე თავად პარტიის თავმჯდომარე იყრის კენჭსო", - დასძენს გამოცემა.

"სხვა შემთხვევაში რა მოგახსენოთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ოცნებას" ყველაფერი კარგად აქვს დაწყობილი, ვინ დააწყო, არ ვიცი, მაგრამ კარგად დააწყვეს, ნებისმიერ შემხვევაში იგი გამარჯვებული რჩება, რადგან შეუძლია, არც თავისი კანდიდატურა დააყენოს და მხარი ნეტირალურ კანდიდატს დაუჭიროს, რომელიც პირველ ტურში თუ არა, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ხიბლავს პოლიტიკა; რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, იმ კანდიდატებიდან, რომლებიც დასახელებული არიან, "ოცნებისთვის" უფრო მისაღები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა იქნება", - წერს სტატიის ავტორი.

ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ახალი სკანდალი იწყება - რა იცის დეკანოზმა მეუფე იაკობზე

"ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალი არ წყდება. დეკანოზმა მამალაძემ უზენაესი სასამართლოს უარის შემდეგ, შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. ამ მიმართვის შემდეგ კი საპატრიაქროში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მამალაძის წინააღმდეგ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზის ადვოკატები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მამა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად მოიხსენია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ახალი სკანდალი იწყება - რა იცის დეკანოზმა მეუფე იაკობზე

"მეუფე იაკობის თქმით, ამ „დაჯგუფების" უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას. იაკობი იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფი მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდა. ხოლო ამ ჯგუფის უკან ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი დგას. მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ. ასევე რუსეთში მეუფის ინფორმაციით, დეკანოზს მანქანა დაუწვეს. ქადაგებაში მეუფე დეკანოზ მამალაძის ადვოკატების მიერ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვასაც გამოეხმაურა. მეუფე ამბობს, რომ ის შეწყალების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კვლავ აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს საპატრიარქოში ამის შემდეგ კი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მღვდელმთავრები და წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში 6 მღვდელმთავარი იყო მისული და როგორც ცნობილია, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ისინი, მეუფე იაკობის გუშინდელ ხმაურიან ქადაგებას განიხილავდნენ. დეკანოზის ადვოკატები მეუფე იაკობის განცხადებას სტრასბურგში მოახლოებულ პროცესს უკავშირებენ. ადვოკატი გიორგი ფანცულაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დეკანოზს დიდი ალბათობით, პრეზიდენტი შეიწყალებს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მამა გიორგი მამალაძე ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრებს, მათ შორის, მეუფე იაკობის გუნდის „ღვაწლზე". ამიტომაც მეუფეს ეშინია, რომ მის შესახებ საზოგადოება ბევრ უცნობ დეტალს გაიგებს და მამალაძის თავდასხმაზე გადადის. „მეუფე იაკობმა პოლიციას ორი ჩვენება მისცა, ერთი გამოძიებას და მეორე სასამართლოს. თუ დეკანოზზე რამე იცოდა დ სათქმელი ჰქონდა, აქამდე რატომ არ თქვა? დამალა სასამართლოსა და გამოძიებაში?, - განაგრძობს გამოცემა.

"მეორე, შესაბამისად, რეალურად, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული, აგონიური განცხადება. რისი ეშინია, თავად ხომ არაფერს მალავს ისეთს, რისი გახმაურებისაც ეშინია. იმედი გვაქვს, რომ მამალაძეს პრეზიდენტი დიდი ალბათობით შეიწყალებს. ამიტომაც მეუფეს ვურჩევ მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებს," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. პატრიარქის ქორეპისკოპოსის ბრალდებებს და გაფრთხილებებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც პასუხობენ. როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა „რეზონანსთან" ამბობს, მეუფეს იაკობს პირადი ანგარება ამოძრავებს. თორნიკე მამალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროს დატოვებს, ყველა იმ ინფორმაციაზე ისაუბრებს, რომელიც მას მეუფე იაკობის შესახებ გააჩნია", - დასძენს გამოცემა.

„მეუფე იაკობმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი ძმა გამოსვლისთანავე დაიწყებს იმ თემებზე ისაუბრებს, რის გამოც, ასე რომ ვთქვათ, ციხეში ზის და რაც მეუფე იაკობზე დასაბუთებული ინფორმაციები აქვს. ამიტომაც მეუფე შეშინებულია და ამ აბსურდული განცხადებებით ცდიობს, რომ საზოგადოებაში მის წინააღმდეგ განწყობები შეცვალოს და მისი სახელი კიდევ ერთხელ ლაფში ამოსვაროს. ამბიონს ბოროტად იყენებს იყენებს. ეს არის საქადაგებელი ადგილი. ეს ადამიანი კი ხალხს ეკლესიაში მისვლის სურვილს აკარგვინებს. ამაზე წმინდა სინოდმა პასუხი უნდა მოსთხოვოს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მამა გიორგი მამალაძის ძმა, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ დეკანოზი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი იყო. მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, მანქანა ნამდვილად დამწვარია, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა ეს თვითონ მანქანის ელექტროსადენებიდან გამომდინარე იყო თუ ვინმემ დაწვა. ეს დასაბუთებული არ არის, ვერც ვერაფერი ვერ ნახეს, რომ დანამდვილებით ეთქვათ, რომ ვიღაცას დამწვარი აქვს. ჩემი ძმა, როგორც მეუფე იაკობმა თქვა ძლივს გადაურჩაო, ჩემი ძმა მანქანაში საერთოდ არ იყო," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა