იანოშ ჰერმანი - საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას

საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ პრობლემატური საკითხების შემცირებას, -ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ევროკავშირს არასოდეს წამოუყენებია ოფიციალურად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საკითხი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში იყო დისკუსია ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე, თუმცა ყველაფერი ეს გამომდინარეობდა იმ პირველი გამოცდილებიდან, რაც მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. ზოგადად, ეს პირველი გამოცდილება ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში პოზიტიურად არის შეფასებული. თუმცა, არსებობს ორი ასპექტი, რამაც სირთულეები შექმნა. ერთ-ერთი ასეთი ასპექტი იყო თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რიცხვი, ხოლო მეორე - ორგანიზებული დანაშაული“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს მთავრობის მზაობას ამ პრობლემების მოგვარების კუთხით. „საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ამ პრობლემების მოგვარებას და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ პრობლემატური საკითხების შემცირებას. ეს ცხადყოფს საქართველოს მთავრობის მიდგომას, რომელიც თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. თუმცა, ამ საკითხებზე თვალყურის დევნება უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ამ მიღწევის კონსოლიდირება მოხდეს და იმისთვის, რომ ეს მიღწევა კონსოლიდირებული იყოს, როგორც გრძელვადიანი პროცესი, მას თვალი უნდა ვადევნოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს სიტუაცია უკეთ არის, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო“, - დასძინა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი