18 წლის ქართველი კუბერი ვაკო მარჩილაშვილი დღეს გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეკორდების ფედერაციიდან აცნობეს, მისი მიზანია წყალქვეშ, ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობა. არსებული რეკორდის გასაუმჯობესებლად, ვაკო მარჩილაშვილმა წყალქვეშ, ერთი ჩასუნთქვით, მაქსიმალური რაოდენობის სტანდარტული ზომის (3x3) რუბიკ-კუბიკი უნდა ააწყოს. ამ სახეობაში მოქმედი მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენტონი ბრუკსს ეკუთვნის, რომელმაც წყალქვეშ 5 კუბის აწყობა მოახერხა.
სარეკორდო ღონისძიება 17 აგვისტოს, 13:00 საათზე, “ჯინო ფერედაისის” აუზზე გაიმართება და მისი პირდაპირ ეთერში ყურება “ჯინო ფერედაისის” ფეისბუქ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. რეკორდის დამყარების პროცესს დააკვირდებიან და შედეგს ადგილზე დააფიქსირებენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები.
ვაკო მარჩილაშვილი 2000 წლის 29 მაისს დაიბადა. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი რუბიკ-კუბიკის აწყობაში, აგრეთვე წარმატებულად ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზეც. აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა მისთვის პირველია. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, სპონსორი კი - მრავალფუნქციური კომპლექსი “ჯინო ფერედაისი”.