დავით ჯიქია - წყნეთის ტყის ტერიტორიაზე ხეების უკანონო ჭრა და სამშენებლო ნებართვების გაცემა მიმდინარეობს

წყნეთის ტყის ტერიტორიაზე ხეების უკანონო ჭრა და სამშენებლო ნებართვების გაცემა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოქალაქე დავით ჯიქიამ აცნობა. მისი ინფორმაციით, წყნეთის ტყის ერთ-ერთ მონაკვეთს გაუქმებული აქვს ტყის სტატუსი და თბილისის გენგეგმის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო ზონად ითვლება.

„ე.წ. კაკლებსა და უშუალოდ წყნეთს შორის ტერიტორიას გაუქმებული აქვს ტყის სტატუსი. ბევრჯერ მივწერე მერიას წერილი და მოვითხოვე განმარტება, თუ რის საფუძველზე მოუხსნეს ტყის სტატუსი, თუმცა ვერ მითხრეს. სტატუსის გაუქმება მოხდა მერიის ძველი ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ახალი გენგეგმის მიხედვით, რომელიც საკრებულოში განსახილველად არის წარდგენილი, გადაწყვეტილია, რომ წყნეთის ტყე დარჩეს სამშენებლო ზონად, საუბარია დაახლოებით 100 ჰექტარზე. ფაქტობრივად ტყე საერთოდ აღარ იქნება.

ამ ტერიტორიაზე, ტყეში უკვე გაყვანილია ქუჩის განათება, გაჰყავთ გზები და ქუჩებს ერქმევა სახელები. მაგალითად, „გუგლ მეფზეც“ გამოჩნდა ე.წ. ნუშის ბაღების ქუჩა და ამ დროს იქ არანაირი შენობა არ დგას, ჩვეულებრივი ტყეა. გზების გასაყვანად ერთ-ერთ ტერიტორიაზე ფიჭვებს პირდაპირ ტრაქტორებით გადაუარეს. ამის გამო მათი დაჯარიმება მოხდა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მეორე ნაკვეთზე, დაახლოებით 50 ფიჭვი იყო მოჭრილი, მერიის თანამშრომლებს დაეზარათ დათვლა. მითხრეს, რომ ამ ჯარიმას შვილთაშვილებიც ვერ გადაიხდიან, 14 ფიჭვიც ეყოფაო და 14 ჩათვალეს“, - განაცხადა დავით ჯიქიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტებზე მერია კერძო პირებსა თუ კომპანიებს ჯარიმებს აკისრებს, თუმცა ამავდროულად მშენებლობის ნებართვებს გასცემს.

„მხოლოდ მე ოთხი ფაქტი მაქვს დაფიქსირებული, როდესაც კერძო პირებისა თუ კომპანიის მიერ ხეების მოჭრა ასე უკანონოდ განხორციელდა და ოფიციალური პასუხები მაქვს მერიისგან, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა მათზე. ამავდროულად, იგივე მერია მწერს, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვები. მერიის ერთი სამსახური წერს, რომ იქ ხეების მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო მეორე სამშენებლო ნებართვას იძლევა. არ ვიცი ეს არაორგანიზებულობაა თუ კორუფცია,“ - აღნიშნა დავით ჯიქიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არაერთმა მოქალაქემ გაავრცელა, თუმცა მერიას ამაზე რეაგირება არ ჰქონია.

დავით ჯიქია თბილისის მერიისგან საჯარო განმარტების გაკეთებას მოითხოვს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა