ალექსანდრე თევზაძე - სამინისტროს ამოცანაა, უზრუნველვყოთ აკადემიური პროცესი, კერძო სამართლის პირების კომერციულ მოლაპარაკებებში კი ჩვენ ვერ ჩავერევით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამოცანაა, უზრუნველვყოთ აკადემიური პროცესი, კერძო სამართლის პირების კომერციულ მოლაპარაკებებში ჩვენ ვერ ჩავერევით, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ ჟურნალისტებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით, უნივერსიტეტის შეძენა ერთ-ერთ ქართულ კომპანიას სურდა და ამ პროცესებში განათლების სამინისტროც იყო ჩართული.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, უწყებას არ აქვს უფლება, რომ კომერციული მოლაპარაკებები აწარმოოს. “სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადება კეთდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამოცანაა, უზრუნველვყოთ აკადემიური პროცესი, კერძო სამართლის პირების კომერციულ მოლაპარაკებებში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ამის უფლებაც არ გვაქვს, რომ კერძო კომპანიას შევთავაზოთ, რომ აწარმოოს კომერციული მოლაპარაკებები”,-განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მათი ინტერესების დამცველებმა მედიის წარმომადგენლებს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე გააცნეს. უნივერსიტეტის ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული პირების ბიზნესინტერესებს უკავშირდება, რომელთაც სურდათ “უნივერსიტეტი ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში”. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე თავდაპირველად ბრიტანული, შემდეგ კი ქართული კომპანია გამოჩნდა, რომლებიც უნივერსიტეტის შეძენით იყვნენ დაინტერესებულები და ამ პროცესებშიც განათლების სამინისტროც იყო ჩართული.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს