რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს სჭირდება С-400 და მიუხედავად აშშ-ს ზეწოლისა, ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მივიღებთ

თურქეთი უახლოეს დროში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის მიღებას, მიუხედავად აშშ-ს მხრიდან ზეწოლისა.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„როდესაც თავზე რაკეტები გვეცემოდა სირიის ტერიტორიიდან, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები იღუპებოდნენ, ჩვენმა პარტნიორებმა ნატო-ს ფარგლებში თურქეთში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაყვანა დაიწყეს. მათ უარი გვითხრეს ასეთი სისტემების მოყიდვაზე. როდესაც ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ საკითხის გადაჭრას, დაბრკოლებებს გვიქმნიან. თურქეთს სჭირდება С-400. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დროში მივიღებთ მას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონი, ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლის - F-35-ის მიწოდების საკითხის რუსეთისგან С-400-ის შესყიდვაზე მიბმის გამო.

„ისინი იმის შეჩერებასაც კი ცდილობენ, რაზეც ჩვენ ფული გადავიხადეთ. ჩვენ უკვე გადავიხადეთ 900 მილიონი აშშ დოლარი და 120 ცალი გამანადგურებელი უნდა მოგვაწოდონ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი