ატენის ხეობაში, სოფელ ველების მახლობლად ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორი კერიდან ერთ-ერთი ლოკალიზებულია. ხანძრის არეალი არ გაფართოებულა
და კვლავ 8 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
აღნიშნული ტერიტორია ქვახვრელის თემში მდებარეობს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლა ატენის თემიდან მოხდა.
ამ დროისთვის ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო ტექნიკა რჩება და ლოკალიზების ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სულ მალე სალიკვიდაციო სამუშაოებში კიდევ 10 ერთეული სახანძრო ტექნიკა, მათ შორის, აღნიშნული სამსახურის მიერ ახლად შეძენილი ტყის სპეცმანქანები და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.