მთავარ პროკურატურაში არ აკეთებენ კომენტარს, მოხდება თუ არა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება

მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

“ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „პარლამენტისგან დადგენილებას ელოდებიან“.

სააგენტო პროკურატურისგან დაინტერესდა, რამდენად აპირებს უწყება საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობას, რეკომენდაციების გათვალისწინებას და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ახალი მიმართულებებით მსვლელობა მიეცეს, თუმცა შალვა თადუმაძის უწყება მხოლოდ აღნიშნული პასუხით შემოიფარგლა.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა და ამით მუშაობის 3-თვიანი ვადა ამოწურა. დასკვნა “ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტია და მას “ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს.

ამასთან, ფრაქცია “ქართული ოცნება“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტისთვის დადგენილების მიღების შეთავაზებას აპირებს. საუბარია პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენებაზე, რომლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გადაწყვეტილების პროექტის თაობაზე დადგენილებას იღებს.

საგამოძიებო კომისია პროკურატურას მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის დასკვნის მიხედვით, საკმარისია მტკიცებულებები, რომ მ.კ. სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა. დასკვნის მიხედვით, გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. ასევე მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, ასევე არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.

“ამ ყველაფერზე იკვეთება პასუხისმგებლობა კონკრეტული თანამდებობის პირების, მათ შორის შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. ეს პირები არიან პირველ რიგში, საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე და ბატონი ფიფია, რომელიც იყო საგამძიებო ჯგუფის წევრი, ასევე მათი ზემდგომი ჩინოვნიკები, რომელთა მხრიდან იკვეთება მინიმუმ გულგრილობა და შესაძლოა, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, შსს-ს, რომ გამოძიონ ეს დარღვევები და გააკეთონ დასკვნები, რა ტიპის დანაშაულებია. ჩვენ ასევე დავადგინეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადამიანების, შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის. მათ მიერ გაკეთებული განცხადებების, გადადგმული თუ გადაუდგმელი ნაბიჯების გამო. მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ვინც იქნება მთავარი პროკურორი თუ შს მინისტრი, მოვიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც გაიცა კომისიის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა. ის მანდატი, რაც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა,“ - განაცხადა დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა