ირაკლი აბესაძე - პრემიერის განცხადება და პროკურატურის დუმილი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოზარდების საქმეზე დაიცვას დარღვევით წარმართული გამოძიების შედეგად შემუშავებული ვერსია

პრემიერის განცხადება და პროკურატურის დუმილი მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება ისევ ცდილობს დაიცვას ის ვერსია, რომელიც შეიმუშავა აბსოლუტურად დარღვევით წარმართული გამოძიების შედეგად, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა საქართველოს პერმიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, გაეცნონ დასკვნას და დაფიქრდნენ იმ დანაშაულებრივ დარღვევებზე, რომელიც ჰქონდა გამოძიებას.

„დასკვნა, რომელიც მოამზადა საგამოძიებო კომისიამ და დაამტკიცა უმრავლესობით, პირველ რიგში, ძალიან დეტალურად აღწერს ყველა იმ ძალიან სერიოზულ დარღვევას და ჩავარდნას, რომელიც ჰქონდა გამოძიებას ამ საქმეში, რომლის შედეგიც არის ის, რომ სამწუხაროდ, მოკლული არასრულწლოვნის მკვლელის ვინაობა დღესაც უცნობია საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, ფაქტებით გამყარებული და დადასტურებულია, თუ როგორ ერეოდნენ თანამდებობის პირები გამოძიებაში და სავარაუდოდ, სწორედ მირზა სუბელიანის ინტერესების დასაცავად და მისი ოჯახის წევრების მიმართ მიკერძოებულად.

ამ ფონზე, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრს შესაძლოა, დასკვნა არც წაუკითხავს. განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი, სამწუხაროდ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს იგივე ხაზი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ, როდესაც ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ გამოძიებას არ ჰქონდა პრობლემა და რომ დარღვევები ამ საქმეში არ არის.

ასე რომ, პრემიერი იქნება ეს, მინისტრები თუ ჩვენი კოლეგები საპარლამენტო უმრავლესობიდან, უმჯობესია, გაეცნონ დასკვნას, დაფიქრდნენ იმ ძალიან სერიოზულ დანაშაულებრივ დარღვევებზე, რომელიც ჰქონდა გამოძიებას, თავად დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ იყო ამდენი დარღვევა ამ საქმეში, რატომ არ გვყავს დღეს მკვლელი გამოვლენილი და შემდგომ მიხვდებიან, რომ საუბარი პოლიტიკურ შინაარსზე ამ დასკვნის არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.

რეალურად, საქმე გვაქვს მტკიცებულებებით გამყარებულ და დასაბუთებულ დასკვნასთან, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, ბრალი წარედგინოს ერთ-ერთ არასრულწლოვანს სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაზე და რაც მთავარია, დადგეს იმ თანამდებობის პირების პასუხისგების საკითხი, რომლებიც აყალბებდნენ და ტენდენციურად წარმართავდნენ ამ გამოძიებას.

დღეს თუ შევხედავთ პრემიერის განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ ამ დოკუმენტს უწოდებს პოლიტიკურ დოკუმენტს, თუ შევხედავთ პროკურატურის დუმილს, ეს მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება ისევ ცდილობს, რომ რამენაირად დაიცვას ის ვერსია, რომელიც შეიმუშავა მთელი ამ ხნის განამვლობაში, აბსოლუტურად დარღვევით წარმართული გამოძიების შედეგად და რომელიც მიუღებელია, როგორც სამართლებრივი, ისე სამართლიანობის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის დიდი ნაწილი პოლიტიკური შეფასებებია. რაც შეეხება საგამოძიებო უწყებას, მთავარ პროკურატურაში არ აკეთებენ კომენტარს, მოხდება თუ არა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა