გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მაჭუტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა „ამხელს მმართველი გუნდის ანტისახელმწიფოებრივ, პრორუსულ და არასერიოზულ დამოკიდებულებას ოკუპაციის, სუვერენიტეტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ“. როგორც ნიკა მაჭუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი არის აცდენილი იმ ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს ოკუპაციას, სუვერენიტეტს და იმ პროცესს, რაც ოკუპირებულ ქვეყანაში უნდა იყოს.
„ჩემთვის მთავარი არის არა რიცხობრივი და ციფრობრივი ელექტორალური წინასწარმეტყველებები, არამედ ის შინაარსი, რომელსაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკური სინამდვილის წინაშე და ეს სინამდვილე და ეს შინაარსები ნამდვილად არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საჭიროებებსა და ინტერესებს. ქალბატონი ზურაბიშვილი არის აცდენილი ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს ოკუპაციას, სუვერენიტეტს და იმ დამოკიდებულებებსა და იმ პროცესს, რაც იმ ქვეყანაში უნდა იყოს, რომელიც ოკუპირებულია. მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამხელს მის ანტისახელმწიფოებრივ, პრორუსულ და არასერიოზულ დამოკიდებულებებს ოკუპაციის, სუვერენიტეტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ”,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მმართველმა გუნდმა ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.