გია მურღულია - განათლების სისტემის ერთიანი სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც ყველა კომპონენტი სინქრონულად იმოქმედებს

თუკი წარმატების მიღწევა გვინდა განათლების სისტემის ერთიანი ველი უნდა შეიქმნას, - ასე ეხმაურება სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი, ექსპერტი განათლების საკითხებში გია მურღულია განათლების სისტემაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.

როგორც გია მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებები, შესაძლოა, საჭიროა, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ შეიქმნას განათლების სისტემის ერთიანი ველი და კომპლექსურად იმუშაოს ყველა კომპონენტმა.

“ზედაპირულად რომ შეაფასოს ადამიანმა, რამდენიმე დასკვნა შეიძლება გამოიტანოს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემას. ამიტომ, თუკი წარმატების მიღწევა გვინდა, განათლების სისტემის გააზრების მიზნების ერთიანი ველი უნდა შეიქმნას, მისი მიღწევის მექანიზმების და ა.შ. თუ არ არის ასეთი ერთიანი ველი, ცალ-ცალკე თუნდაც გონივრული აქტივობები სხვადასხვა უბანზე სრულფასოვანი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ამიტომ, პირველი, რასაც ვისურვებდი ეს არის, რომ შეიქმნას ერთიანი სივრცე განათლების სისტემის, სადაც ყველა კომპონენტი სინქრონულად იმოქმედებს ერთი მიზნის მისაღწევად. რიგ შემთხვევაში, საზოგადოებას შეუმჩნევია, რომ სხვადასხვა კომპონენტი განათლების სისტემის მთლად შეხმატკბილებულად არ მუშაობს”,- განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც განათლების მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკმაოდ წარმატებულად მუშაობდნენ, თუმცა ახალი გამოწვევების პირობებში, ბუნებრივია, რომ მენეჯმენტს გარკვეული ცვლილებები სჭირდება.

„ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ აქამდე საინტერესო ადამიანები იყვნენ, ყველას ახლოს ვიცნობ, მინახავს სამუშაო პროცესში და ვფიქრობ, საინტერესო ნაბიჯები გადადგეს. არ გამკვირვებია, როცა მათ მინისტრმა მადლობა გადაუხადა. როდესაც ახალი გამოწვევებია, ეს გამოწვევები პირველ რიგში მენეჯმენტმა უნდა შეაფასოს, ბუნებრივად იბადება ხოლმე ახალი გუნდის შექმნის იდეა. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. როდესაც ადამიანებს აქვთ უკიდურესად სერიოზული გამოწვევები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული კომფორტის ზონა, უნდა ჰქონდეთ უფლება შეარჩიონ ადამიანები, რომლებთან ერთადაც მიიჩნევენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ. თუ საზოგადოება მათ ამის უფლებას არ მისცემს, მაშინ გაუგებარია როგორ უნდა შეაფასოს მერე მათი მუშაობა“,- აცხადებს მურღულია.

მას მიაჩნია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტია, თუ ვინ შეცვლის იმ ადამიანებს, რომლებიც მინისტრმა უკვე გაათავისუფლა.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია ვინ შეცვლის ამ ადამიანებს. როგორი იქნება მათი შერჩევის კრიტერიუმები. ზოგადი კონცეფციის ფარგლებში რა სამუშაო გეგმას, რა ვადებით და რა პასუხისმგებლობებით წარმოადგენენ ახალი ადამიანები. სხვათა შორის, ეს ზოგადი სათქმელია, რომ ჩვენში არის ძალიან დაბალი კულტურა გაწეული მუშაობის შეფასების. პასუხისმგებლობის ზომა კარგად უნდა იგრძნოს, როგორც საზოგადოებამ, ისე მართველმა გუნდმა. მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ახალ კონცეფციას მალე წარმოადგენს. ახლა საინტერესოა როგორი იქნება ახალი ხედვა, როგორი გუნდი წარდგება ამ ხედვის და ამ კონცეფციის სარეალიზაციოდ საზოგადოების წინაშე, რა ვადები იქნება დასახელებული. ვადები აუცილებლად უნდა დასახელდეს“,- განაცხადა მურღულიამ

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პოსტი დატოვა მინისტრის ორმა მოადგილემ თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა