ნინო ენუქიძე - საინვესტიციო ფორუმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება

აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ბათუმში ორდღიანი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (CAREC) წევრი 11 ქვეყნის სამთავრობო უწყებების, ენეროკომპანიების, ექსპერტული წრეების გარდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (World Bank, USAID, EBRD, KfW etc) წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, საინვესტიციო ფორუმის მთავარი მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის მიმართ. „საქართველოს ენერგეტიკას განვითარებისთვის მეტი ინვესტიცია სჭირდება. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, ჰიდროენერგიის უფრო მეტად ათვისების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდება ენერგოსექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.

ნინო ენუქიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მზის PV პანელების საკითხზე . მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არსებობს.

„საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს,“ - განაცხადა ენუქიძემ.

ბათუმის საინვესტიციო ენერგეტიკულ ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის მიმართულებით, განახლებადი ენერგიების კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენება შინამეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სხვ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა