დავით ზალკალიანი ანდრეა ტომფსონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზე. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით დაგეგმილ ერთობლივ ნაბიჯებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

დავით ზალკალიანმა ანდრეა ტომფსონს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას.

ანდრეა ტომფსონმა, აშშ-ს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრა 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, ფარგლებში გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი