საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია

საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს შეხვდა, რომელთანაც განიხილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილი მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე, კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრაზე აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და GOPAC მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას. აკაას მაჰარაჯი მომხსენებლად არის მიწვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში კორუფციის დაბალ მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. ამასთან, მისი განცხადებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია და ეფექტური მმართველობის კუთხითაც ლიდერია, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ უკვე ერთი წელია საქართველო დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა და უახლოეს მომავალში თავმჯდომარეობას კანადას გადააბარებს.

GOPAC 2002 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში დაფუძნდა, როგორც პარლამენტარების გლობალური ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობების ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე და გაზარდოს პარლამენტების როლი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, წაახალისოს ერთობლივი ბრძოლა ფულის გათეთრებისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების წინააღმდეგ. GOPAC-ის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს 62 ქვეყანაში მოქმედებს. ეს ორგანიზაცია გაეროსა და ევროპის საბჭოს ასოცირებული წევრია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა