ირმა ნადირაშვილის ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე ანზორ ჩუბინიძისგან მოესმინა პასუხი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, უმრავლესობამ არ გაიზიარა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა სცადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელისგან ანზორ ჩუბინიძისგან მოესმინა პასუხი იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ მისი მისამართით „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის.

ანზორ ჩუბინიძე კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებების თაობაზე იმყოფება.

სხდომის დაწყებისას ირმა ნადირაშვილმა ჩუბინიძეს მიმართა, რომ ჩანაწერებში მისი სახელი და გვარი თითქმის ყოველდღე ისმის, ქვეყანაში არის კრიზისი და ბრალდებებს პასუხი უნდა გაეცეს.

ნადირაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული საკითხი დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის დღის წესრიგში შესულიყო.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს.

როგორც კომიტეტის სხდომის წამყვანმა კობა კობალაძემ განაცხადა, კითხვებზე პასუხს არავინ გაურბის, მაგრამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საკითხის სადისკუსიო არეალი დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა არ იყო.

ირმა ნადირაშვილის ინიციატივა კენჭისყრაზეც დადგა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციონერი დეპუტატის შეთავაზება არ გაიზიარეს.

თავად ანზორ ჩუბინიძეს ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ჩუბინიძე კომიტეტს აცნობს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თავად მთავრობა დაადგენს, გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობის პირებს დაცვა.

განხილვაში მონაწილეობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს