ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

ღონისძიების მსვლელობისას ასევე პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელიც მთელ საქართველოში განხორციელებული საპოლოტე ინიციატივას - „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებას“ ეხებოდა.

ფერმერთა ასოციაციის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერები გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი საქართველოს პირველი და უძველესი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასოფლო სამეურნეო პროფესიული სასწავლებელი 1883 წელს ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის, ილია წინამძღვრისშვილის მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ.

„საქართველოს სასახელო მოღვაწეებს, რომელთა თანადგომითაც დაარსდა წინამძღვრიანთკარის კოლეჯი, კარგად ესმოდათ პროფესიული განათლების მნიშვნელობა როგორც ხალხისთვის, ასევე ეკონომიკისათვის. დღეს საქართველოს პროფესიულმა განათლებამ ახალი სუნთქვა შეიძინა, მაგრამ თავის მდიდარ ტრადიციებს კვლავაც არ ღალატობს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა ოლივიე ბურკიმ, აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას უწყობს ხელს.

„საქართველოს უძველესი კოლეჯი იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ იცვლება ეკონომიკა და ადმიანების ცხოვრება განათლების სისტემაში ახალი მიდგომების დანერგვის შედეგად. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის გზაზე. შვეიცარია მომავალშიც შეუწყობს ხელს ამ მეტად პოზიტიურ და საჭირო განვითარებას“, - აღნიშნა ოლივიე ბურკიმ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა პროფესიული განათლების რეფორმისადმი უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.

„სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ინოვაციური საპილოტე პროექტია, რომელიც UNDP-მ შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად კოლეჯების სტუდენტები პარალელურად სწავლობენ და შესაბამისის სამუშაო გამოცდილებასაც იღებენ. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება კოლეჯებს უშუალოდ დამსაქმებელთან, ბიზნესთან აკავშირებს. ამ მოდელის შედეგებით საქართველოში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა და 20-ზე მეტმა კერძო კომპანიამ ისარგებლა“, - განაცხადა UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, საქართველოში გიორგი ნანობაშვილმა.

როგორც ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯის საიუბილეო ღონისძიება სასწავლებლის პირველ შენობასთან დაიწყო, სადაც ისტორიული გამოფენა გაიმართა. ამას მოჰყვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სტუდენტების მიერ მოწყობილი აგრარული მასტერკლასები და გამოფენა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს მეხილეობის, რძის გადამუშავების, ნერგების დამზადების მასტერკლასებში, დაესწრნენ თაფლის ექსპერტიზას, გაეცნენ სურსათის უვნებლობის, ნიადაგის ანალიზისა და ასევე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მიდგომებს.

სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ამჟამად ჩართულია საქართველოს 7 კოლეჯი, სადაც 6 სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ხორციელდება. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წელს პროგრამების რიცხვი გაორმაგდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა