ალეკო ელისაშვილი - ტაქსის მძღოლებს კაბალურ პირობებს სთავაზობენ, რადგან 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება

თბილისის მერია კაბალურ პირობებს სთავაზობს ტაქსის მძღოლებს, 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მერიის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, კონკრეტული კომპანია ტაქსს თეთრად იმავე მანქანაზე 2 წლით აღნიშნული კომპანიის რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაღებავს, ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს კორუფციის ნიშნებს აჩენს.

„არაფერი უსასყიდლოდ არ არსებობს დედამიწაზე, ეს არის აბსოლუტური ბოდვა, რაც იმას ადასტურებს, რომ კალაძეც და მის გუნდად წოდებულ ხალხთა ნაკრებიც საერთოდ ტყემალზე სხედან, თვითონ იგონებენ ხალხის საწვალებლად რაღაც პრობლემებს და რეალური პრობლემა რა არის, არ იციან. თუ მყავს მანქანა, რომლის თეთრად გადაღებვაც მინდა, ნაავარიებია ან სხვა პრობლემები აქვს, წავალ, 100 ლარად ავიღებ ლიცენზიას, მივიტან კომპანიაში, ავიღებ ვაუჩერს, გადავაღებინებ, ქიმიურ წმენდას გავაკეთებინებ და არც ვიტაქსავებ და არც რეკლამას განვათავსებ. ეს რომ მოხდება 2X2=4-ია. საიდან იგონებენ სქემებს, რომელიც აპრიორი კორუფციული გახდება? რატომ იქნება ერთი კომპანია, ვინ გამოავლენს და ა.შ. ჯერ ერთი კაბალურ პირობებს სთავაზობენ მძღოლებს, 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება.

როცა ქალაქში სხვა უამრავი პრობლემაა, შხამიანი ჰაერია, სკვერები ისევ არ არის, მახინჯი კორპუსები შენდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯართია, ცალკე „ბოგდანების“ და მიკროავტობუსების საკითხია გადასაწყვეტი, მეტროში შესვლა შეუძლებელია, ამ დროს იგონებენ სრულ ბოდვას და სისულელეს. მეტი საქმე არ აქვთ? მითუმეტეს, ამ წინასაარჩევნოდ რა ხალხის წვალება აუტყდათ?! რა საჭიროა დღეს ამის გაკეთება, როცა ტევადი ტრანსპორტის ნაკლებობაა, „ბოგდანებია“ მოსაშორებელი? ტაქსის რეფორმა არის სულ ბოლო ეტაპი. პრიორიტეტები არ აქვთ მერიაში. ტაქსებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო რეგისტრაცია, აკრძალულიყო მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსები. ეს იყო გასაკეთებელი. უნდა მოგვეთმინა ცოტა, ვიცით, რომ არ არის ტაქსების ნაწილი სუფთა, მაგრამ უარესი არ ხდება მიკროავტობუსებში, სადაც თავი ვიღაცის იღლიაში გაქვს შეყოფილი და აქეთ კიდევ უკანალი გადევს? ეს უნდა მოგვარდეს. ბევრი ტაქსი პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ გამართული და საკმარისი რაოდენობის იქნება, ნაკლები ტაქსი ივლის ქალაქში, რადგან არ ექნება მოსახლეობას მათი გამოყენების საჭიროება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა