გიორგი ჩივიაშვილი - ვანო მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან გადაწეულია, პრაქტიკულად, სახის დამბლაა

ვანო მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად, სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერაბიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მოითხოვენ, რომ ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა მათთან შეთანხმებით განხორციელდეს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში ოჯახს უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობაც მიეცეს.

„ქალბატონმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ განცხადებიდან ზუსტად 8 საათში ივანე მერაბიშვილი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში „მედიქლაბში“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღემდე ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი დადგენილი არ არის. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს ადამიანი 5 ჯერ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, ვიცით, რომ მას აქვს ჰორნერის სინდრომი, მაგრამ რითია გამოწვეული ეს სინდრომი, დღემდე არ გვეუბნებიან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით.

ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან არ ხდება შეთანხმება, როდესაც მერაბიშვილი გადაყავთ სამოქალაქო კლინიკებში. არ ვიცით, რა გამოკვლევები უტარდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ როდესაც მერაბიშვილის გაყვანა მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში, იყოს ოჯახის წევრებთან შეთანხმებული. ასევე, ვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩავრთოთ უცხოელი ექიმები და ისინი შეუშვან იმ კლინიკაში, სადაც მერაბიშვილი იქნება მოთავსებული.

უკვე ორ თვეზე მეტია გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ამ სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოკსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართეთ ასევე სახალხო დამცველის აპარატსაც და ვთხოვეთ, რომ იყოს მკაცრი მონიტორინგი მერაბიშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

იმ გამოკვლევების შესახებ სამედიცინო დასკვნა, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა, ადვოკატების ინფორმაციით, მათ დღემდე არ მიუღიათ. მათი თქმით, ეს ბევრ კითხვას აჩენს.

„მისი „ავერსის“ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დღემდე არ მოუციათ ჩვენთვის სამედიცინო დასკვნები, რომელთა გადაგზავნაც უცხოელ ექიმებთან გვსურს. ასევე გვინდა, რომ ეს დასკვნა სხვა ქართველ ექიმებსაც ვაჩვენოთ. გუშინ იუსტიციის მინისტრი საუბრობდა „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩვენ ამ დასკვნების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით. ერთი კვირაა ვითხოვთ ამ დასკვნებს.

ორი თვის განმავლობაში მისი დაავადება პროგრესირებს და არ რეგრესირებს. ეს თვალითაც შესამჩნევია. მას გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა