თენგიზ ფხალაძე -  მთავარი ამოცანაა მაია ოთინაშვილი მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს

მაქსიმალურ ძალისხმევას ვავლენთ იმისათვის, რომ პრობლემა მაქსიმალურად მალე იყოს გადაჭრილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საკითხს.

თენგიზ ფხალაძის თქმით, მაია ოთინაშვილის საქმეზე პრეზიდენტი მუდმივად საქმის კურსშია.

„პირველივე წუთიდან როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის გატაცების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად საქმის კურსშია და ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. მაქსიმალურ ძალისხმევას ვავლენთ იმისათვის, რომ პრობლემა მაქსიმალურად მალე იყოს გადაჭრილი.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენლობა. პირველი ეს არის სუფთა ადამიანური და ჰუმანიტარული. ქალბატონი და შვილების დედა არ შეიძლება იმყოფებოდეს იზოლატორში იმისათვის, რომ გადაადგილდებოდა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, რომ ყველას გვაწუხებს ეს მდგომარეობა და მთავარი ამოცანაა ეს ადამიანი მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, სრული აბსურდია ის, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ. არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ ეს არის რეალური სახე ოკუპაციის და იმ საოკუპაციო ძალის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაცია, რომელიც რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამ მიმართულებით ყველა მექანიზმი გამოყენებულია და ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია, რათა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს