აზიის განვითარების ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისრალის 12-ე კმ მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკმა (აგბ) საქართველოს მთავრობასთან დღეს ხელი მოაწერა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისრალის ახალი, ოთხზოლიანი, 12-კილომეტრიანი ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პროექტი ხელს შეუწყობს როგორც საქართველოსა და რეგიონის შიდა მიმოსვლას, ასევე ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირებას. საქართველოს მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობა ბოლო სამი წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება და გვეამაყება, რომ ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში, რაც ქართველ ხალხს გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოუტანს“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და მასზე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 60% მოდის. ის ასევე ერთ-ერთია ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ექვს ტრანსკონტინენტურ სატრანსპორტო დერეფნებს შორის, რომლებიც რეგიონის სავაჭრო მიმოსვლას და ეკონომიკურ კავშირებს უზრუნველყოფენ. პროექტის დასრულება 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

აგბ-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 67 ქვეყანას, მათ შორის 48 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2017 წელს აგბ-ს მიერ განხორციელებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 32.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 11.9 მილიარდი თანადაფინანსების სახით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა