მმართველი პარტიის მხარდაჭერილი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღების საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.
უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, უწყება დაინტერესდება, რამდენ პროცენტში აიღო ზურაბიშვილმა სესხი და თუკი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი იქნება, „ეს უკვე შემოწირულებად ითვლება და დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს“.
„რასაკვირველია, აუდიტის სამსახური ვერ შეისწავლის, რამდენად აქვს მსესხებელს მისი გადახდის შესაძლებლობა - ამას ბანკი შეისწავლის, როცა გასცემს სესხს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის სესხის საპროცენტო განაკვეთს, ანუ რამდენ პროცენტში მიიღო სესხი სუბიექტმა. თუკი მსესხებელმა ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალ პროცენტში მიიღო სესხი, ეს უკვე შემოწირულებად ჩაითვლება და ასახული უნდა იყოს დეკლარაციაში", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.