ვიქტორ ჯაფარიძე ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე - რა სისულელეა, რა დადგმული - მე ჩემს თავს ჩავუწერე?

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომ ეს ჩანაწერი შესაძლოა დადგმულია, სისულელეს უწოდებს. როგორც ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სისულელე, რომელზეც კომენტარს ვერ გააკეთებს.

„რა სისულელეა, რა დადგმული... ამ სისულელეზე როგორ გავაკეთო კომენტარი? ჩემს თავს ჩავუწერე მე ჩანაწერი?“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სუბელიანს თავად მისი თხოვნით რამდენჯერმე შეხვდა.

„მე რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ მირზა სუბელიანს რამდენჯერმე შევხვდი მისი თხოვნით. კიდევ რომ მთხოვოს, კიდევ შევხვდები. არა მარტო სუბელიანს, არამედ სხვა პატიმრებსაც შევხვდები თუ მთხოვენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ უნახავს.

„არ ვიცი რა არის მიჭრილ-მოჭრილი, მე არ მომისმენია. მირზა სუბელიანის საუბარი იყო არაადეკვატური ჩემთვის და არ ვაქცევდი ყურადღებას. უდიდესი წნეხის ქვეშ არის, ამხელა უბედურება დატრიალდა. ორი ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი, მისი ოჯახი დაინგრა და აგონიაშია კაცი, სამარტოვო საკანშია. მე ერთხელ ვუთხარი ტყუილების ლაპარაკი არ დაიწყოთქო, არ გეკადრება მეთქი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მთავარი პროკურატურა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველ ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერი სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს.

მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

ოპოზიციის ნაწილმა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის დადგმულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა