პარლამენტის კომიტეტებში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000 ლარიანი ზღვარი 200 000 ლარამდე იზრდება

პარლამენტის კომიტეტებში განხილვის საგანია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000 ლარიანი ზღვარი 200 000 ლარამდე იზრდება და გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.

ამავე ცვლილებებით, ლიზინგით საგნის გაცემაზე გავრცელდება მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდა ღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე

კანონპროექტით, ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი პირის (იურიდიული, ფიზიკური და ინდმეწარმე) 200 ათას ლარამდე სესხი უნდა გაიცეს ლარში და მისი ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა იკრძალება.

პროექტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში და მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება.