ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

საქართველოს მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს პირველ რიგში, გახლავთ კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.