საგარეო უწყება - მედოევის „ვიზიტის“ შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით საქმის კურსში ჩავაყენეთ იტალიური მხარე, რომელმაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „ვიზიტის“ შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩააყენა იტალიური მხარე, რომელმაც ოფიციალურ თბილისს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით, მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. ასე ეხმაურება სამინისტრო დიმიტრი მედოევის იტალიაში ჩასვლას.

როგორც სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის მცდელობებს, შექმნას წარმოდგენა, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს და ცნობს საოკუპაციო რეჟიმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

„ცხადია, მოსკოვის ეს ძალისხმევა არის უშედეგო, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, იტალია სრულადაა ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის ლობირების მიმართულებით არის უშედეგო და ამ ფონზე მოსკოვი ცდილობს, ადგილზე არსებული უკანონო პროცესების ლეგიტიმაცია მოახდინოს მსგავსი ე.წ. ვიზიტების ორგანიზების გზით. ჩვენ დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩავაყენეთ იტალიის მხარე, რომელმაც აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა ამ პროცესში, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით. ჩვენ მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას და, მათ შორის, იტალიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში „ვიზიტის“ ფარგლებში კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა.

„ქალაქ რანდაცოში დიმიტრი მედოევის და ქალაქის მერის ფრანჩესკო სგროის შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილეებმა და პალერმოში რუსეთის გენერალურმა კონსულმა ევგენი პანტელეევმა. ღონისძიების დაწყებამდე სამხრეთ ოსეთის და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყების პრესსამსახურში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს