წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი - პეტრე მელიქიშვილი, რომელიც თსუ-ს პირველ რექტორად აირჩიეს, დასტურია იმ როლისა, რომელიც კათოლიკეებმა საქართველოს ისტორიაში ითამაშეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ქიმიკოსი, ქართველი კათოლიკე პეტრე მელიქიშვილი, რომელიც ამ უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს, დასტურია იმ როლისა, რომელიც ქართველმა კათოლიკეებმა საქართველოს ისტორიაში ითამაშეს, - განაცხადა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ–დან აცნობეს, არქიეპისკოპოსმა კავკასიის რეგიონში ვატიკანის დიპლომატიისა და მშვიდობის საკითხებზე უნივერსიტეტში კონფერენცია გამართა.

ღონისძიებას თსუ–ის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა კონფესიების, რელიგიათა საბჭოს, საპატრიარქოს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე – „წმინდა საყდრის დიპლომატიური ჩართულობა კავკასიაში მშვიდობისა და ადამიანის ღირსების ხელშეწყობის მიზნით”, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ვატიკანის საერთაშორისო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ „წმინდა საყდარი მხარს უჭერს ისეთ დიპლომატიას, რომელიც ადამიანებს შორის სოლიდარობას ამყარებს.“

არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა ყურადღება გაამახვილა 2008 წლის სამხედრო მოქმედებებზე და აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუსრულებია გაერო-ს არც ერთი რეზოლუცია და რომ ტერიტორიული პრობლემები საერთაშორისო სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს.

კონფერენციაზე წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა თსუ–ის სტუდენტების კითხვებს უპასუხა, რომელიც ადამიანის უფლებებს, საემიგრაციო პოლიტიკას, ტრეფიკინგს, ძალდატანებით ქორწინებასა და ეთნოკონფლიქტების მოგვარების საქმეში რელიგიის როლს ეხებოდა.

თსუ–ის რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

„ვატიკანის როლი ძალიან დიდია მსოფლიო კულტურულ, ჰუმანიტარულ და, გარკვეულწილად, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ამიტომ არქიეპისკოპოსის ჩამოსვლა საქართველოში გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერაცაა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ლექცია, რომელიც არქიეპისკოპოსმა წაიკითხა, პრაქტიკულად ეხებოდა ყველა ასპექტს, მათ შორის ადამიანის უფლებებს. ციკლი შეხვედრებისა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვსტუმრობენ ძალიან საინტერესო სტუმრები, რომლებიც დიდ კვალს ტოვებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში,“ - აღნიშნა რექტორის მოადგილემ.

არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის განცხადებით, საქართველოსა და ვატიკანის თანამშრომლობა არის მისი საქართველოში ვიზიტის მიზეზი.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. უნდა გავცვალოთ ინფორმაცია, აზრები. მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში არის კონფლიქტები ხალხებს, დაჯგუფებებს, კულტურებს შორის. ჩვენ გვსურს წავახალისოთ დიალოგი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ იყვნენ ინიციატივებიანები და მამაცები. საქართველოში მძიმე ვითარება იყო, ქვეყანას კი წინსვლა სურდა, ნათელი მომავლის შექმნა თავისი ხალხისა და მომავალი თაობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება,“ - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.

პოლ რიჩარდ გალაჰერი, ჰოდელმის ტიტულარული არქიეპისკოპოსი, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი 1954 წლის 23 იანვარს დაიბადა. იგი მღვდლად 1977 წლის 31 ივლისს აკურთხეს. მან ასპირანტურა საერთაშორისო დიპლომატიის განხრით რომის პონტიფიკურ აკადემიაში დაამთავრა, ხოლო მოგვიანებით გრეგორიანული პონტიფიკური უნივერსიტეტიდან კანონიკურ სამართალში დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1984 წელს მან წმინდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში დაიწყო მუშაობა და აპოსტოლურ ნუნციად მსახურობდა ტანზანიაში, ურუგვაისა და ფილიფინებში, ასევე მსახურობდა ვატიკანის სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობების სექციაში და ევროპის საბჭოში (სტრასბურგი) მუდმივ დამკვირვებლად. იგი დაინიშა აპოსტოლურ ნუნციად ბურუნდიში (2004), შემდეგ გვატემალაში (2009) და ავსტრალიაში (2012). 2014 წელს რომის პაპმა, ფრანცისკემ პოლ რიჩარდ გალაჰერი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა