ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია.

მერია მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მერიის ცნობით, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები, წლების განმავლობაში მუდმივი საფრთხის წინაშე ცხოვრობდნენ ოღასკურასთან ახლოს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობა დაახლოებით 15 წელია ითხოვს ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა, ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ სამუშაოებისთვის საჭირო სოლიდური თანხების არ ქონის გამო.

„გასულ წლის ოქტომბერში ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მთელი ქალაქი, ასევე მიმდებარე ტერიტორია დატბორა. დაგვეტბორა კომერციული ფართები და უზარმაზარი ზარალი მივიღეთ. რამდენიმე ათეული წელია ვითხოვთ მის მოწესრიგებას და კალაპოტში მოქცევას, თუმცა, უშედეგოდ. როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ მდინარის კალაპოტი და ჯებირები კაპიტალურად კეთდება და მთელი უბანი კმაყოფილი ვართ ამ პროექტით. პირველი ის, რომ დატბორვის საფრთხე აღარ გვექნება და მეორე, ზაფხულში ქვეწარმავლები არ შეგვაწუხებენ", - განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებელმა დარეჯან უგლავამ.

ადგილობრივი მცხოვრებლის, თალიკო გოგიშვილის განცხადებით, გასულ წელს ადიდებულ მდინარეში დახრჩობას 4 წლის შვილიშვილთან ერთად, სამართალდამცველების დახმარებით გადაურჩა.

„შეწუხებული ვიყავით სულ. წვიმის დროს გადმოდიოდა მდინარე და ნიაღვარივით მოდიოდა, კინაღამ დავიხრჩვი. 4 წლის ბავშვთან ერთად გადმოვდიოდი ხიდზე, პოლიციელი რომ არ დამხმარებოდა, ორივე დავიხრჩობოდით. ასეთი დაბრკოლებები ყოველ წელს იყო აქ. ის, რაც აქ კეთდება, ძალიან სასიამოვნოა და თავს დაცულად ვგრძნობთ", - განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებელმა თალიკო გოგიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობისგან ოღასკურას დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრებას და სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟებას ითხოვს.

„მოსახლეობაც დაუდევრად იქცევა როცა მდინარეს არ უფრთხილდებიან და სხვადასხვა სახის ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრიან. კარგი იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ოღასკურას გასწვრივ სათვალთვალო კამერებს დააყენებს და მკაცრ სანქციებს შეიმუშავებს იმისთვის, რომ მდინარე აღარ დაბინძურდეს და საფრთხის შემცველი არ იყოს. ბევრჯერ გაიწმინდა თუმცა, უშედეგოდ. მდინარის კალაპოტი იმდენად დაპატარავებული იყო ნარჩენების გამო, რომ წყალს ვერ ატარებდა, რაც საბოლოო ჯამში დატბორვას იწვევდა. ამჯერად კალაპოტი გაიზარდა, ჯებირები გაკეთდა, ამაღლდა და დატბორვის საფრთხე აღარ გვემუქრება, გაწვიმების აღარ გვეშინია", - აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერია ასევე ავრცელებს ეკოლოგების კომენტარებს. მათი თქმით, მდინარეში ბუნებრივად შეიქმნა შესაფერი გარემო ეკოსისტემისთვის. მათივე განმარტებით, მსოფლიოს ბევრ ქალაქში ძალიან ბევრი მდინარე, სწორედ ბეტონის კალაპოტშია მოქცეული იმისთვის, რომ ის ადვილად გასაწმენდი იყოს და დატბორვის საფრთხე არ შეექმნას ქალაქებს.

„მდინარემ საფრთხე არ უნდა შეუქმნას მოსახლეობას. გასულ წელს საშინელი მდგომარეობა იყო, აგრარული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიტბორა. როგორც იქნა მივედით იქამდე, რომ ოღასკურა დგება კალაპოტში და წესრიგდება. ის, რომ კეთდება ბეტონის ბორდიურები, ძალიან მნიშვნელოვანია. წყლის ტევადობა საკმაოდ დიდია. მდინარეში ზაფხულობით უამრავი ქვეწარმავალი ბუდობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენ კარგად გვახსოვს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მაგალითი. მიკრო ფაუნა თავის ადგილს მოძებნის ამ მდინარეში ბუნებრივად და ამ კუთხით საშიშროება არ არსებობს. ბეტონი ყველაზე კარგი გამოსავალია ამ შემთხვევაში. ასევე კარგი იქნება თუ მდინარის მიმდებარედ ხეივანი გაკეთდება", - განაცხადა ეკოლოგმა რამაზ კილაძემ.

ეკოლოგ ემზარ გორდაძის თქმით, ეკოსისტემას დაბინძურებულ მდინარეში გაცილებით დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაწმენდილ და მოწესრიგებულ კალაპოტში.

„როგორც იქნა მოვესწარით იმ პროექტს, რასაც ქვია ოღასკურას კალაპოტში მოქცევა. ამ მდინარემ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას წლების მანძილზე. ეს არის მდინარე, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ადიდება, ისევე როგორც ადიდდა მდინარე ვერე გასულ წლებში და ვნახეთ რამხელა ტრაგედია მოჰყვა ამ ყველაფერს. აუცილებელია, რომ ოღასკურა მოექცეს ბეტონის კალაპოტში, რათა მოსახლეობა დაცული იყოს მსგავსი საფრთხეებისგან. ეს ნამდვილად მისასალმებელია. ასევე საჭირო და აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას წესრიგი. რაც შეეხება ეკოსისტემას, მდინარე იმდენადაა დაბინძურებული, რომ იქ ეკოსისტემისთვის ნამდვილად ცუდი გარემოა. აქ თევზი ნამდვილად ვერ გაძლებს. სისუფთავეა საჭირო ასეთი გარემოსთვის და არა დაბინძურებული, გაჭედილი მდინარის კალაპოტი. მსოფლიოს მაგალითებს თუ მოვიყვანთ, მდინარე ნევა და სენა მთლიანად კალაპოტშია მოქცეული", - განაცხადა ეკოლოგმა ემზარ გორდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა