„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ივანიშვილს - რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ „ქართულ ოცნებას"? - ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილი კომპრომატების მსხვერპლი?

უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს, ძალიან წესიერი კაცია... ყველა სიტყვაზე რომ წითლდება, ასეთი უმწიკვლო ადამიანია, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის, ემა ტუხიაშვილის შეკითხვას ნათესავებისა და ასევე იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და რომელთა გამოც პარტია ნდობას კარგავს.

ემა ტუხიაშვილი ივანიშვილისგან დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს საზოგადოების ეჭვები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ პირებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შესაძლოა, კომპრომატები ჰქონდეთ ან ხელისუფლების პირველ პირებთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდეთ.

„დღეს ძალიან ბევრს კითხულობენ, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანებს გვერდიდან, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ „ქართულ ოცნებას“ და რომელთა გამოც ნდობას კარგავს პარტია. არსებობს ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი არის კომპრომატების მსხვერპლი, ანუ ამ ადამიანებს აქვთ კომპრომატები ივანიშვილის წინააღმდეგ ან არის მეორე ვარიანტი - ეს არის მეგობრული ურთიერთობები. უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ უჩა მამაცაშვილი - თქვენი დეიდაშვილი და ოთარ ფარცხალაძე არიან ძალიან ახლო მეგობრები და ეს თქვენ გარკვეულწილად გაფერხებთ, რომ ჩამოიცილოთ გვერდიდან“, - მიმართა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს.

შეკითხვაზე საპასუხოდ ყოფილმა პრემიერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა: „უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს და ძალიან წესიერი კაცია. რაც შეეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას, ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთოთ. მე ჩემს ძმებს და ნათესავებს, მათ რიცხვში უჩასაც, ჩემით დავეხმარები, მაგრამ არა ხელისუფლებით და არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის იმისთვის, რომ მე რაღაც... ფაცხალაძეს აქვს თავისი ისტორია, ის იყო გუნდის წევრი, იყო მთავარი პროკურორი. ახლა ხუთი წელია ბიზნესშია. მას აქვს პრობლემები, რაც იცით, მაგრამ მამაცაშვილს ბევრს ატრიალებენ ძალიან და ძალიან შეწუხებულია თვითონ, რომ არ დაგიმალოთ. ყველა სიტყვაზე რომ წითლდება ასეთი უმწიკვლო ადამიანია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო