თორნიკე შარაშენიძე  - როგორც ჩანს, ივანიშვილის გარემოცვიდან არც ერთს არა აქვს იმის შნო და უნარი, მას უთხრას სიმართლე

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, მართალია არჩევნების შედეგებზე საკმაოდ ბევრია ნათქვამი, მაგრამ „ინტერპრესნიუსს“ თქვენთვის არ უკითხავს - რა დასკვნების საშუალებას იძლევა 28 ოქტომბრის არჩევნები?

- ამჯერად, მე ორ ძირითად დასკვნაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ის შეცდომები, რომელიც დაუშვა „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ჩათვლით, მოწმობს იმას, რომ „ოცნების“ მმართველ რგოლში საქმე საკმაოდ ცუდადაა, რადგან მათ არ დარჩათ სერიოზული გამოცდილების მქონე პოლიტიკური ფიგურები და როგორც ჩანს, არ ჰყავთ პოლიტიკური ფიგურები, რომელსაც მოსახლეობა ენდობა.

9 წელზე მუდმივად საუბარი და მუდმივად ხელის წინა ხელისუფლებისაკენ გაშვერა ისე აღარ მუშაობს, როგორც ამის იმედი „ოცნებას“ ჰქონდა

მეორე დასკვნა გახლავთ ის, რომ 9 წელზე მუდმივად საუბარი და მუდმივად ხელის წინა ხელისუფლებისაკენ გაშვერა ისე აღარ მუშაობს, როგორც ამის იმედი „ოცნებას“ ჰქონდა.

- არჩევნების შედეგებით, “ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს. ეს რაზე შეიძლება მეტყველებდეს?

- თუ გავითვალისწინებთ „ოცნების“ სრული რესურსებისა და ასევე ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაციას, ასევე რაღაც დოზით გაყალბებებს გამოდის, რომ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს „ოცნების“ კანდიდატზე აშკარად მეტი ხმები აქვს მიღებული. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ზურაბიშვილი იყო კატასტროფულად ცუდი კანდიდატი, რომლის გაყვანის იმედი „ოცნებას“ ჰქონდა ისევ და ისევ იმის გამო, რომ ვაშაძე „ნაციონალების კანდიდატია და მას ხალხი არ აირჩევს. არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს ნარატივი ხალხში აღარ მუშაობს.

ამით ყველაფრის გამართლება წარმოუდგენელია. მათ შორის ხელისუფლების უსაქმურობისა და კორუმპირებულობის.

პირადად ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი სრულიად მიუღებელია იმის გამო, რომ კარგად ვიცი თუ რა დღეში ჩააგდო მან საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა ამ უწყების ხელმძღვანელი იყო

„ოცნებას“ რომ დაესახელებინა ნორმალური კანდიდატი, მე შემეძლო პიროვნულად მიმეცა ხმა „ოცნების“ კანდიდატისთვის. პირადად ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი სრულიად მიუღებელია იმის გამო რომ კარგად ვიცი თუ რა დღეში ჩააგდო მან საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა ამ უწყების ხელმძღვანელი იყო.

მას რაც არ უნდა რეკლამა უკეთონ, მე და ალბათ სხვამაც, ვისაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონია შეხება, კარგად იცის ამ უწყებაში მისი საქმიანობის შესახებ. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, ვინც ზურაბიშვილს კარგად იცნობს, მას ხმას არ აძლევს.

- დაახლოებით 10 დღის წინ ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძემ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბრძანა - „რეალურად ქართულ პოლიტიკას ორი ლიდერი - ივანიშვილი და სააკაშვილი განსაზღვრავენ. ერთი პროცესებს ქვეყანაშია და ისე მართავს, ხოლო მეორე საზღვარგარეთიდან მართავს". როგორც ჩანს, ბატონი ნოდარის პროგნოზი სრულად გამართლდა...

- დიახ, ასეც არის, მაგრამ გითხრათ სიმართლე, ეს მე არ მომწონს. ლიდერებზე და ბელადებზე აგებული პოლიტიკა არ მომწონს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორივე ლიდერმა შეგნებულად შეუწყო ხელი ამგვარი ვითარების ჩამოყალიბებას. ივანიშვილს სააკაშვილის სახით სჭირდებოდა საფრთხობელა, ამან ცოტა ხანი იმუშავა, მაგრამ აშკარაა რომ აღარ მუშაობს.

ივანიშვილის შუა კრეფის პირობებში ქართულ პოლიტიკურ ველზე დარჩნენ სააკაშვილი და ივანიშვილი. ორივეს ერთმანეთი სჭირდებოდათ როგორც მეორე მოთამაშეები. ახლა ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე აგებს ივანიშვილი

ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ ჰქონია „ჟვანიასა და პატარკაციშვილის მკვლელობების“ თემების წამოწევაზე. თავის თავის საფრთხედ წარმოჩენა აწყობდა სააკაშვილსაც. ივანიშვილის შუა კრეფის პირობებში ქართულ პოლიტიკურ ველზე დარჩნენ სააკაშვილი და ივანიშვილი. ორივეს ერთმანეთი სჭირდებოდათ როგორც მეორე მოთამაშეები. ახლა ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე აგებს ივანიშვილი.

- შეიძლება ასე ითქვას - 28 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილს მოუგო სააკაშვილმა?

- მე ასე ვიტყოდი - 28 ოქტომბერს ივანიშვილი დამარცხდა საკუთარი გარემოცვის გამო, რომელთაგან ძალიან ბევრი ხვალ-ზეგ გაიქცევა და ისევ სააკაშვილს ჩაეხუტება. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მათი უმრავლესობისთვის მთავარია ფულის კეთება და მეტი არც არაფერი.

28 ოქტომბერს ივანიშვილი დამარცხდა საკუთარი გარემოცვის გამო, რომელთაგან ძალიან ბევრი ხვალ-ზეგ გაიქცევა და ისევ სააკაშვილს ჩაეხუტება

როგორც ჩანს, ივანიშვილის გარემოცვიდან არც ერთს არა აქვს იმის შნო და უნარი მას უთხრას სიმართლე. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმა რომ თქვას დედამიწა ბრტყელიაო, მისი გარემოცვა ამაშიც კი დაეთანხმება მას.

- მომხდარზე სხვანაირადაც შეიძლება შეხედვა - საქართველოს ისტორიაში მთავარ კანდიდატებს შორის 1%-იანი სხვაობა 28 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად დაფიქსირდა. ეს კი დემოკრატიულობის თვალსაზრისით აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია...

- მეორე ტური აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, აქამდე არ ყოფილა, არადა წესით უნდა ყოფილიყო 2008 წელს. მეორე ტურში ალბათ ისევ სააკაშვილი მოიგებდა, ამიტომ მისთვის და დემოკრატიისთვისაც კარგი იქნებოდა მეორე ტური რომ გამართულიყო. ახლა ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მეორე ტურის აუცილებლობა მათი დამსახურებაა, მაგრამ ეს რომ ასე არაა, თავადაც უნდა ხვდებოდნენ.

- პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში არმონაწილეობით და „ოცნების“ კანდიდატისათვის ხმის არმიცემით ხალხისაგან გზავნილები მიიღო, მაგრამ მეორე ტურამდე აშკარად გაუჭირდება „ოცნებას“ დაკარგული ელექტორატის დაბრუნება. რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ხელისუფლების ამ ტიპის განცხადებები?

- მეორე ტურში „ოცნებას“ გაუჭირდება ადმინისტრაციული რესურსის ხელახლა მობილიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების“ ნორმალურ ამომრჩეველზე არც ერთს არ ეხატებოდა გულზე სალომე ზურაბიშვილი, ამგვარი დამოკიდებულება ექნებოდა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ადმინისტრაციული რესურსის საკმაოდ დიდ ნაწილს. არა მგონია ასე იოლი იყოს ამ ხალხმა მეორე ტურში ისევ ზურაბიშვილს მისცეს ხმა.

„ოცნებას“ დარჩა ისევ ძველ ხრიკს მიმართოს, ანუ, ისევ სააკაშვილზე, როგორც საფრთხობელაზე ისაუბროს. ამის მცდელობა ჰქონდა დეპუტატ გედევან ფოფხაძეს და ჩვენ ვნახეთ, რომ მას ეს ძალიან მძიმედ დაუბრუნდა.

როცა დეპუტატი ამბობს - თუ ვაშაძე იქნა არჩეული ქვეყანაში სამოქალაქო ომი იქნება, - სამარცხვინოა ამგვარი განცხადებების კეთება, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გვაქვს მოშუშებული სამოქალაქო ომის ჭრლილობები. თუ ხალხმა პრეზიდენტად ვაშაძე აირჩია გაუგებარია, ამას სამოქალაქო ომი რატომ უნდა მოჰყვეს?

- ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მეორე ტურამდე არაორდინალური ნაბიჯები უნდა გადადგას დაკარგული ელექტორატის დასაბრუნებლად, მაგრამ შეძლებს კი იგი ამის გაკეთებას? იგულისხმება მკაფიო ნაბიჯების გადადგმა ფარცხალაძის, იგივე სარალიძის საქმეებზე...

- ჩემი აზრით, ამ თემებმა “ოცნებას“ დიდი ზიანი მიაყენა და ისინი ამ ზიანს მეორე ტურამდე ვერ გამოასწორებენ.

როგორც ჩანს, მმართველი გუნდიდან ივანიშვილს ვერავინ უბედავს იმის თქმას, რომ მარიხუანის თემა არ იყო კარგი იდეა

თუ მათ არაორდინალურად მიაჩნიათ ასპარეზზე იგორ გიორგაძისა და ლევან მამალაძის გამოყვანა და იმის ძახილის გაგრძელება რომ სააკაშვილი ცუდია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა, მაგრამ თუ ასეა, მაშინ „ოცნებაში“ უფრო ცუდად ყოფილა საქმე ვიდრე გვგონია.

- ძნელი დასაჯერებელია „ოცნების“ ლიდერშიფს არ ესმოდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის თემამ მას საკმაოდ ბევრი მხარდაჭერი დააკარგვინა, არადა მმართველი გუნდის წევრი დსეპუტატები ისევ მარიხუანის ლეგალიზაციის თემებს სერიოზულად განიხილავენ...

- ხო, მაგრამ როგორც ჩანს, მმართველი გუნდიდან ივანიშვილს ვერავინ უბედავს იმის თქმას, რომ მარიხუანის თემა არ იყო კარგი იდეა.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თქვა, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის იდეა მისგან მოდიოდა, „ოცნებაში“ ვერავინ გაბედა მისთვის ამის თქმა, რომ მმართველ გუნდს ზურგი ბევრმა მათმა ამომრჩეველმა სწორედ ამის გამო შეაქცია. ამას ვაჟკაცობა და წესიერება უნდა და როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ასეთები თითქმის არ არიან.

- 28 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიები შავი პიარით აშკარად გამოირჩეოდა. მეორე ტურამდე დარჩენილ დროში იგივეს უნდა ველოდოთ თუ პრეზიდენტობის კანდიდატები რამე ახალს შემოგვათავაზებენ?

- სამწუხაროდ, მე სხვაგვარ კამპანიას არ ველოდები, მით უმეტეს რაც ასპარეზზე იგორ გიორგაძე და ლევან მამალაძე გამოჩდნენ. ალბათ ისევ იქნება სამარცხვინო იარლიყების მიწებება. პირადად მე არ მომწონს, როცა ზურაბიშვილს ეძახიან რუსეთის აგენტს. არ მგონია, ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი იყოს.

შესაძლოა იგი საქართველოსთვის საზიანო განცხადებებს სააკაშვილის მიმართ ბოღმის გამო აკეთებს. ამ თემაზე სხვა ახსნა არა მაქვს. ასევე ძალიან სასაცილოა ვაშაძის კგბ-ს აგენტად მოხსენიება. ეს ბრალდებები იმდენად სულელურია, კარგია, რომ იგი ამ ბრალდებებზე კომენტარებს არ აკეთებს.

- თქვენი აზრით, მეორე ტურში „ოცნებაზე“ გაბრაზებული ხალხი ივანიშვილსა და მის გუნდს მისცემს კიდევ ერთ შანს?

- ჩემი აზრით, “ოცნებას“ მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება თავისი ელექტორატის დაბრუნება. ხელისუფლებამ ვერ შეაფასა ის, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი.

“ოცნებას“ მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება თავისი ელექტორატის დაბრუნება

მათ რაც არ უნდა იძახონ, რომ ვაშაძე კგბ-შნიკია, ეს მართალიც რომ იყოს, ეს „ოცნების“ სასარგებლოდ მაინც არ იმუშავებს. ხალხში უკიდურესი გაჭირვებაა და ხალხს აინტერესებს ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და არა ის, თუ ადრე ვინ სად მუშაობდა.

- მეორე ტურამდე მხარეების პიარტექნოლოგიები და მოქმედების სტარეტეგიები ჩანს?

- მიჭირს თქმა. მე თავად არ ვარ ამის სპეციალისტი, ამიტომაც გამიჭირდება ამ თემაზე საუბარი. მაგრამ, გავიმეორებ - მე ვერ ვხედავ შანს, რომ ეს არჩევნები გადაიზარდოს ევროპულ არჩევნებში, როგორც ამაზე პრეტენზია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს. ჩემი აზრით, მეორე ტურამდე კანდიდატების საარჩევნო კამპანიები სამწუხაროდ, ისევ ნეგატივზე იქნება აგებული.

„ინტერპრესნიუსი’

კობა ბენდელიანი„

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა