ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - საერთოდ, რაში იღებთ ხელფასს?!

საერთოდ, რაში იღებთ ხელფასს?!, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას.

მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.

ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება დაპირებული პროგრამების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„თქვენ შეეხეთ სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს. ჯერ კიდევ თებერვალში თქვით, რომ პილოტი აჭარაში ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყებოდა, თუმცა ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ კრიტიკა, რომელიც ამ მხრივ არის, საფუძვლიანია. შშმ პირებს ახლა პენსია ვერ ეზრდებათ და ახსნა არის ის, რომ ველოდებით სოციალურ მოდელზე გადასვლას. 2019 წლამდე მხოლოდ აჭარის პილოტირება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია ტყუილად იღებს ხელფასებს. ვლაპარაკობთ ზედმეტ ბიუროკრატიულ ხარჯზე და ვგულისხმობთ იმას, რომ ამდენი ხალხი მუშაობს სამინისტროში და პილოტირებას ამდენი დრო რაში სჭირდება? მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს არის С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, იმ ტემპებით, რა ტემპებიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს, 2020 წლისთვის ელიმინაცია ვერ მოხდება. დაახლოებით 140 ათასი ადამიანი აღირიცხა ბოლო კვლევით, ელიმინაციას კი სჭირდება, რომ 130 ათასი ადამიანი იყოს პროგრამაში ჩართული. ჯერჯერობით პროგრამაში ჩართულია 60 ათასამდე ადამიანი, 20 ათას ადამიანს ხელში უჭირავს ტესტი, რომ ინფიცირებულია, თუმცა პროგრამაში არ არის ჩართული. რას აკეთებს სამინისტრო ამ შემთხვევაში? გამართლებული იყო თუ არა თავიდან პროგრამაში ჩართვისთვის ფინანსური ბარიერების შექმნა, რაც ახლა მინიმუმამდეა დაყვანილი?! ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩართვის ასეთი დაბალი კოეფიციენტის მიზეზი შესაძლოა ესეც იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - რაში იღებთ ხელფასს?!“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა მინისტრის მოადგილეს.

დეპუტატის განცხადებას მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა.

„უნიკალური ნიჭი გაქვთ წარმოაჩინოთ სახელმწიფოს უნიკალური ღერძი - ბიუროკრატია, როგორც უუნარო. სინამდვილეში ბიუროკრატია არის ის, ვინც საბოლოო ჯამში ქმნის რეალურ საქმეს ქვეყანაში. ბიუროკრატიაზე ასე საუბარი უზნეობა და უწესობაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე