საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელის განხილვას იწყებს

14-15 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას შეეხება. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც ფანცულაია განმარტავს, გაუთქმელობის ვალდებულებით, მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

„ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომელიც ცალმხრივად ადებს დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას. ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე სამი ინსტანციის სასამართლო დამთავრდა და გაუთქმელობის ვალდებულება მოგვეხსნა თუ არა, ამ კანონში არ წერია. ასევე არ წერია, რა მტკიცებულების მოპოვებაში შეიძლება შევიზღუდოთ და რა შემთხვევაში, არა. მოკლედ, ეს ნორმები, ეს მუხლები დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს, აქედან გამომდინარე, ამ ფორმით, ამ სახით ეს კანონი არ უნდა დარჩეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სწორედ ეს მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს კანონი ამ ფორმით არ იყოს“, - აცხადებს ფანცულაია.

როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნული საჩივრის მომზადებაში რამდენიმე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს, „სასამართლოს მეგობრის“ პოზიციით მიმართეს.

„გასულ წელს გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელიც მოსამზადებელი სხდომა იყო, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს საქმე წარმოებაში მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა უკვე დაგვიკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ არსებითი განხილვები იწყება“, - დასძენს ადვოკატი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს